მორნიბიე კაჰ
















” პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 1 ივნისს დიღომში - მ. იაშვილის სახელობის საავადმყოფოში დაგვიბარეს. ფერადი ქაღალდებით შეფუთული მუყაოს ყუთები ერთმანეთის მონაცვლეობით - ანუ სიდიდის მიხედვით შეაქვთ საავადმყოფოში. ადგილი სადაც საჩუქრების გროვა დადგა ნახევრადაა განათებული, ნახევრად ყარს ოთახი სიცხით. 
დუღს დღეს მთელი თბილისი.  
  უზარმაზარი თვალები აქვთ ბავშვებს და ამ უზარმაზარი თვალებით ელოდებიან საჩუქრების გახსნას.  
თმა არ აქვთ, არც ფერი, არც ხმა, უბრალოდ ძალიან, ძალიან სტკივათ მზე. 

ონკოჰემატოლოგიური ცენტრი - 2010 წელი 1 ივნისი ” 






  იეზიდებმა მომპარეს მზე. მას შემდეგ მივდევ. დღე ღამეა და ამიტომ სირბილი მიჭირს. გადაიარეს ცხრა მთა, ზღვა --ვერა.  
დევნის ოცდამეთერთმეტე დღეს, ცალფეხა წეროების ქალაქში დავბინავდი. დღეში სამჯერ მოდის წერილი თბილისიდან, რომ ქალაქის ელიტარული ფენა, უმზეობითა და ამდენი ღამით, სასოწარკეთას მიეცა. დეპრესიაში ჩაცვივდნენ ბავშვები, დედები, მამები, ძაღლები და უძილობით თვალები ასტკივდათ მშრალ ხიდთან გაჩერებულ მეძავებს. 
ბარათებს პირველ გვერდებზე აწერია-- გმირს, მშველელს, ჩემს შვილს - ანუ მე. 
სასაცილოა, მე --გმირი? 
ბავშვობაში ბევრ ლიმონათს რომ ვსვამდი, მერე ვიფსამდი, რომელ გმირობაზე მელაპარაკებით? 
ცალფეხა წეროების ქალაქში უკანასკნელი ფულით 3 კვერცხი და ერთი ასანთი შევიძინე. ასანთი იმისთვის, რომ კვერცხები შევწვა. 
დავანთე ცეცხლი. ბალახისფერი მათარა შევავსე წყლით და დაველოდე ცეცხლის გარდაცვალებას.  
სახლში მინდა. ჩემს საძინებელ ოთახში მინდა ფეხები კედელზე შევაწყო, თითებით დავიცო ყურები და საყვარელი სიმღერა ვიღიღინო.  
”დაღამებულხარ, ჩემო აპრილო, წასულხარ, ჩემო ლხინო...” მხოლოდ აპრილი კი არა- წელიწადის თორმეტივე თვე დაღამდა, რაც იეზიდებმა მზე წაგვართვეს. 

  ნარიყალის თავზე იდგა, ისეთი იყო, თვალს ვერ გაუსწორებდი. იდგა და მთელი ქვეყნიერების გასაგონად ამბობდა, რომ ის ულამაზესია, არც არავინ ედავებოდა. ბოტანიკური ბაღის მხრიდან მიეპარნენ და ტომარაში მოამწყვდიეს. 
ისე უცებ მოხდა ყველაფერი, ისე უცებ ჩამობნელდა, რომ ვერავინ ვერ მოასწრო ადევნება ჩემ გარდა.  

ვერაფერს ვერ ვშველი ამ უმზეო დედამიწას. 

  ცეცხლი უკვე უნდა გარდაცვლილიყო, რომ ხმაურმა გამომაფხიზლა. უბეში შენახული კვერცხიდან მეძახდა ვიღაც. 
- ეგენი ლაყეები არიან, საჭმელადაც არ გამოგადგება. 
სანამ ვკითხავდი, ვინ ეგენი - მეთქი, თავად ამოძვრა კვერცხიდან.  
პატარაა. 
თავზე უფრო დიდი ცხვირი და ყურებზე უფრო პატარა ფეხები აქვს. მზის გაქრობამ რამდენი რამ შეცვალა- მეთქი ამ ქვეყანაზე-- გავიფიქრე და დამცინა. ისე ახარხარდა, შემრცხვა. 
ამელიე ვარო. 
ქალი ყოფილა, რა უხეხულია. 
შენი მეგობარი ვარო. მზისაცო. იეზიდებისაცო. 

საბოლოოდ გავარკვიე, რომ მე, მზე და იეზიდები ერთმანეთში ავერიეთ . მენაყინე რომას მეგობარი ქალი ყოფილა. ვერაფრით გაიხსენა აქ, ამ ქალაქში როგორ აღმოჩნდა. სოლოლაკში ყიდდა მზესუმზირას, დაკარგვამდე.  
სიბნელის გამო იდარდა, იდარდა ჩემი უძლურების გამოც. იდარდა ქვეყნის სადარდებელი ამელიემ და, უფრო სიბერის გამო, ვიდრე დარდისა, გარდაიცვალა. 
მე პროცესია დავგეგმე. სუფრის თავიქალიც, მესუდრეც, ჭირისუფალიცა და მესაფლავეც მე ვიყავი.  

გათენებას ვერ დაველოდები, რა სასაცილოა, აღარ თენდება და. . . 
იეზიდი ქალების სუნს ვცნობ, ეს ერთ-ერთი პლიუსია, რაც ჰოლმსისგან მემკვიდრეობით მერგო. აღმოსავლეთით გავუყევი გზას და გამახსენდა, რომ მენაყინე რომასთვის არ მითქვამს მისი საყვარელი ქალის გარდაცვალების შესახებ. 

რომა სოლოლაკელია. იქ ცხოვრობდნენ მისი ბებია, ბაბუა, მათი ბებია - ბაბუა და ასე, თორმეტ-ნახევარი თაობა. რომა ნაყინს ბავშვობიდან ყიდის. სკოლაშიც არასდროს უვლია. რომა ჩემს ეზოში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ცა ჩაქრა, სახლიდან აღარ გამოსულა, სძულს სიბნელე. 

  რვანი არიან იეზიდები. 3 ქალია, 2 ზრდასრული მამაკაცი, 2 მოზარდი და 1 ჩვილი. ჩვილი გამუდმებით ჩხავის.  
მათი ღმერთი და ჩემი მზე, ტომარაში ჰყავთ გამომწყვდეული. დროდადრო უშვებენ ბაწარს და ულუფებით აწვდიან მზეს ჟანგბადს, რომ არ გაიგუდოს. ქურდები იმ მთის წვერზე დაბანაკდნენ, რომლის ძირშიც მე დავიდე დროებითი ბინა. მთის სამხრეთ ფერდობზე საყდარი და მონადირის ქოხი დგას.  
ცარიელია. 
სავსეა საყდარი სიცარიელით და სხეული-- შიშით, ღმერთისა და ქალაქის ყველა მაცხოვრებლისა. მე ხომ მათი ერთადერთი იმედი ვარ. ქოხში დავიძინე და როცა გავიღვიძე, იეზიდები წასულები დამხვდნენ. მთის წვერიც ცარიელი იყო და ხედიც, რომელიც იქიდან იშლება. თევზი უჭამიათ. სუნი დგას, ფხებგაცლილი ხერხემალი ნაცართან ახლოს გდია. ცეცხლის ნაკვალევთან ყრია ქლიავის კურკები და ჩვილის საწოვარა- ბოთლი, სავსე სინათლით. 

  მთელ დედამიწაზე ერთადერთი სინათლეა და ისიც ბოთლში. ჩემი დანახვა რომ ვერავანინ შეძლოს, ამიტომ გადავაფარე ბოთლს ჩემი სამოსელი. სინათლე იღლიის ქვეშ ამოვიჩარე და გავუყევი გზას. 
ვფიქრობ. 
სინათლე ბოთლში, ბოთლი საწოვარით, ანუ სინათლეს ჭამენ? 
სასაცილო შეკითხვა დავუსვი ჩემს თავს და მე თვითონ გამეცინა, მაგრამ ფაქტია, ჭამენ. სუნს მივყევი. 
ცხრა ზღვა გადავიარე, მთა-- ვერა და ალაყაფის კარებს მივადექი. კარისკაცს სძინავს ბოლო 34 დღეა, ამიტომ შეუმჩნევლად შევედი კარში. თივა ყრია და თივაზე მიწოლილა ძროხა, რომლის ძუძუებსაც წოვენ ღორები. ყველაფერი როგორ აირია, რაც მზე დაიკარგა. ვიფიქრე ჩემს საწოვარა-ბოთლს გამოვაჩენ -მეთქი, მაგრამ მომენტალურად გადავიფიქრე. ყველა კუთხეში, ყველა სახლის ფანჯრებს ქვემოთ, ღორები ძროხების ძუძუებს წოვენ, ადამიანებს კი სძინავთ. რძე ვთხოვე და ლამის მომკლეს. საჩემო ერთი ულუფა რძე, ძალიან ძვირი ღირდა. კიდევ ვიფიქრე ჩემს საწოვარა-ბოთლს გამოვაჩენ- მეთქი, მაგრამ, საბედნიეროდ, გადავიფიქრე. დავტოვე რძეჭამია ღორების ქალაქი. სველ მიწაზე მომინდა დაძინება და მშრალი აღმოჩნდა. ხეზე მომინდა ბუდე ამეგო და უკვე აუგიათ. ეჰ. 
რვა მთა გადავიარე, ზღვა-- ვერა.  
იეზიდებმა სამ-ნახევარი მთით მაჯობეს. ქალაქში, სადაც დავბინავდი, ბალახზე სხედან ქალები და ორსული კაცები კრეფენ ალუბლებს. ბავშვები მამებს ემუდარებიან, რომ მამებმა დედებს ძუძუ სთხოვონ. დედები კი ქორფა მკერდს უფრთხილდებიან, ამიტომ ბავშვები ჩვილობაშივე იხოცებიან შიმშილით. 
ორსულ მამებს რძე წვივში უდგებათ, მშობიარობის შემდეგ კი სადღაც, მათ სხეულში იკარგება რძე. 

ვიფიქრე ჩემს საწოვარა-ბოთლზე, მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე. 

ორსული მამების ქალაქიც დავტოვე. 

იეზიდების კავლი დავკარგე და ვდარდობ უმზეობასა და ჩემს უმეცრებაზე. დამლაპარაკებელიც არავინ მყავს. დარდის გამზიარებელიც ჩემი თავია მხოლოდ. 

  თბილისში მეფე გარდაცვლილა. უმზეობით არა, თიაქარი გასჩენია და საავადმყოფოში ელექტროენერგიის უქონლობისა და უძილო თვალების გამო ოპერაცია დააგვიანეს. მოკლედ, მეფე მომკვდარა და უფრო მეტად არეულ-დარეულა იქაურობა. ხალხი მთავრობის სასახლესთნ შეკრებილა და ახალ მეფეს ითხოვენ, მხოლოდ იმ პირობით, ვინც მზეს დააბრუნებს.  
ასეთი მეფობის კანდიდატები არიან: ყვერებფხანია ვალერა, სქელი გიზო და თავტვლეპია ბექა. ხალხის რჩეული ეს უკანასკნელია, თავი მზესავით უბრდღვიალებს და სჯერათ მისი დაპირებებისა. 

  ”მზე უკვე ჩვენს ხელშია. მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ჩვენმა მდევრებმა მზის ადგილსამყოფელი დაადგინეს. უახლოს ორ თვეში მზე ქალაქს დაუბრუნდება.” - ამონარიდი თავტვლეპია ბექას პოლიტიკური გამოსვლიდან.  
არჩვენები 2 კვირაშია დაგეგმილი. 
  ეჰ , როგორ აირია ყველაფერი, რაც მზე დაიკარგა. 
მთელი გულით მინდა ახლა ჩემს საძინებელ ოთახში. ფეხები შევაწყო კედელზე, თითებით დავიცო ყურები და საყვარელი სიმღერა ვიღიღინო ” - ლამის წუხილმა გამინაპიროს, შემომაშველეთ ღვინო” 
აუფ, ახლა ერთი ჭიქა თეთრი ღვინო მომცა და სულს დავთმობდი. ერთი კოვზი, თუნდაც ერთი სათითე ღვინო. 
ეჰ. 
ღვინო ვერ, მაგრამ ლეღვის წვენი დავლიე. ლეღვი იმ სოფელში იზრდება, სადაც ის ღამე გავათენე.  
ქურდების კვალიც აქ მთავრდება. ლეღვის ხეივნის მომვლელმა მითხრა, რომ ხეების ბუნიობის ჟამს მათ სოფელს იეზიდები ესტუმრნენ.  
სოფელი უზარმაზარი იყო. გადავწვიტე ერთმანეთის რიგითობით მომევლო ყველა ქუჩა, ყველა სახლი, ყველა მიტოვებული თუ არმიტოვებული შენობა. 

  იეზიდები რვანი არიან. ძმები, მათი ცოლები, მათი ხანდაზმული დედა, ერთ-ერთი ძმის ტყუპი ბიჭები და მეორე ძმის ქალიშვილი, 37 დღის მორნიბიე . 
მორნიბიეს საწოვარა-ბოთლს დავატარებ, სავსეს სინათლით.  
მზის დაკარგვის გამო დარდობენ ამ სოფელშიც. დარდობენ იმიტომ, რომ უმზეობით ლეღვი აღარ მწიფდება, ულეღვობით კი შიმშილი ელოდებათ. 
დარდობენ ჩემი სუსტი აღნაგობისა და სანთლისფერი კანის გამოც. ერთი წუთი ვიფიქრე საწოვარა-ბოთლს გამოვაჩენ, დარდს გავუქარვებ- მეთქი სოფელს, მაგრამ არა საბედნიეროდ, გადავიფიქრე. 
ლეღვის ხეებს მოსდევს ბროწეულის ხეივანი, ოღონდ გამხმარი ხეების ხეივანი. ხეები მზის დაკარგვისთანავე გარდაცვლილან. 

იეზიდი ოჯახი, რომელსაც ამდენი ხანია დავდევ, ბოლო ქურდობამდე პურის მოედანზე რომ ბროწეულის ხის ქანდაკება დგას, იქ ათევდნენ ღამეს. ხეს მზისფერი ბროწეულები ასხია და იქ ლოცულობდნენ მორნიბიეს ორსული დედის გადარჩენას. დედამ ხანგრძლივი ტკივილების შემდეგ იმშობიარა. სახელი ბებიამ შეურჩია, კენიაში მცხოვრები ნათესავის პატივსაცემად. კენიაში მიმოწერა ჰქონდათ ნათესავებთან. რაც მზე დაიკარგა, მას შემდეგ მთელი კენია, ისევე, როგორც დედამიწა, შეშფოთებულია და ეჭვიტანილების მიწერილ წერილებს მთავარ ნივთმტკიცებად იყენებენ. 
წერილებში მორნიბიეს ბებია კენიელ ნათესავს, თბილისურ ამბებზე სწერდა. 

მზის ქურდობის მიზეზს მთელი დედამიწის გამომძიებლებთან ერთად ვარკვევდი მეც. ვარკვევდი ბოლო თვე-ნახევარი, მაგრამ უშედეგოდ. მივდევდი იეზიდებს, სუნით ვცნობდი მათ ნაკვალევს. გზად ამალიეს აჩრდილიც მეხმარებოდა, რომას გადასარჩენად სურდა მზის დაბრუნება. 

  სარდაფი, სადაც იეზიდები დაბინავდნენ, სავსეა სიცარიელით, სავსეა სიჩუმით, სავსეა კედლებზე წასმული სიმყრალით. 
მორნიბიე აღარ ჩხავის. 
დაუძინია. 
კარი რომ შევაღე, არ გაჰკვირვებიათ. ბებიამ -- შემოდიო-- მითხრა. შევედი. დაჯექიო,-- დავჯექი. 

ჩემი მზე მინდა- მეთქი. 
საკმაოდ მკაცრი ტონი მქონდა. 
მზის ბოლო სინათლეს მორნიბიეს აჭმევდა დედამისი. 
რას აკეთებთ- მეთქი!? 
გაჩუმდიო. 
არ გავჩუმებულვარ. 
- ჩვილს საკუთარ ღმერთს, იმას, რასაც თაყვანს სცემთ რად აჭმევთ- მეთქი? 
მორნიბიეს ეძინა. 
კვდებაო - ბებიამ თქვა. 

ჩვილს სისხლის გათეთრება ჰქონდა, სინათლე კი თეთრ სისხლს სიწითლეს უბრუნებდა. 

ჩვილს ჭარბათ ჰქონია სითეთრე და ერთი მზე არ ეყო, ერთი ღმერთიც ნაკლები აღმოჩნდა. 

სარდაფი სავსე იყო სიცარიელით. 
მორნიბიეს ეძინა. 
კარი ნელა გავაღე, ზღურბლთან ჩვილის საწოვარა-ბოთლი დავტოვე და აღმა დავუყევი დღეს, რომელიც ღამეა. 
   
  




















კომენტარები