ემმა

 




ემმას უკანასკნელი თვეებია შეშლილის სახე აქვს. თმა აბურდული და თვალები უზარმაზარი. ისეთი უზარმაზარი, რომ როცა მათში ვიხედები მთელ დედამიწას ვხედავ. ემმა დუმს ბოლო საუკუნეა. ღამის მესამედში დგება სარეცელიდან, როცა რწმუნდება რომ მძინავს. კარს ღიას ტოვებს და სააქაოს რომ სჩვევია იმ ქარს ატანს სხეულზე დახვეული დოლბანდის ნარჩენებს.  
ჩვენ გადაღმა მზის, იქ სადაც აგვისტოში მწიფდებიან ბროწეულები და სადაც დაღამება ჩემი გარდაცვალებასავით იგვიანებს, იქ ვცხოვრობთ. დედამიწას გამოვექეცით, ჩვენ ქუჩაზე მობინადრე კატების კნავილს და ქალაქის დაუსრულებელ კვნესას.

 ჩვენ მზის გადაღმა ვცხოვრობთ, ბროწეულის ბაღში, აკაციის ხეზე ავაგეთ გასულ თვეს ბუდე. ორივე კვერცხიდან ამოძვრნენ ჩვენი ბარტყები. მას შემდეგ ემმა დეპრესიაშია. ვერაფრით დავარწმუნე, რომ ჩვენი შვილები არიან თუმც ბუდეში არცერთი არ ეტევა, მაგრამ მაინც.  
-ემმა დავიღალე.
-ემმა მხრები დამემტვრა ბავშვების ტარებით.
-ემმა მომეხმარე, საჭმელის მოგროვებას ვეღარ ავუდივარ.
-ემმა შიმშილით დავიხოცებით, მეცა და შენც.
- ემმა, ემმა, ემმააააააა...
 გუშინდელივით დუმს. აკაციის ხეივანი მლაშე ტბის ნაპირს მიუყვება. ხეების რიგითობა განაწილებულია, აქ უამუნდობაც გეგმიური იცის. წელიწადის ამ დროს საშინელი ქარი სჩვევია სააქაოს. ამაღამ მოწვიმს იმოდენა ღრუბლები დაგროვდა ჩვენ თავს ზემოთ.
 შებინდებისას დავბრუნდი სახლში. მატლებით გავაგვსე ამასწინად ნაპოვნი მათარა, საჭმლის ეს მარაგი დღენახევრის სამყოფია ჩემი ვაჟკაცებისთვის, მაგრამ მამა რისთვისაა, მამა?

ოჯახში სძინავთ. ემასაც.
აქა-იქ ეცემა დედამიწას წვეთები წვიმის, და აქა-იქ ჩხავიან ტურები.  
ურემიც გადააბრუნა ქარმა და გზა გამოჩნდა. გზაზე ქარბორბალა მიდი-მოდის, მიდის და მოდის და თან ყველაფერს მიიყოლებს. ტოტებს, ხეებზე შერჩენილ ცელოფნებს, გასაშრობად გაკიდულ ჭვავის ღეროებს და მიწას.
ჩემი ფრთები არ ყოფნის ჩემს დიდ ოჯახს. ღმერთო გადაგვარჩინე! მამაო ჩვენო, მამაო, რომელიც ცაშიც და ქვესკნელშიც ხარ მამაააა - ემმააააა, ემმა, ემ...

  ქარბორბალა ჩვენთან უკანასკნელად, გასულ შემოდგომას ამოვარდა. მას შემდეგ ემმას დავეძებ. აქამდე დავეძებდით, მაგრამ რაც ბიჭებმაც დატოვეს მლაშე ტყბისპირა სამყოფელი. ყვავისფერები იყვნენე ჩვენი შვილები და ყვავებით ჩხაოდნენ. ასე უპასუხოდ დატოვენ სახლკარი. მეორე თვეა მათზე არაფერი მსმენია.

 გვერდითა აკაციაზეა უახლოესი მეზობლის ბუდე. ახალგაზრდა ცოლქამარს, 3 წლის შვილი ჰყავთ. ღამით, როცა ბავშვი იძინებს და როცა მთვარე ნამგალისებური მთის გადაღა მოედება ჭაპანს სიძველის, მაშინ ვსტუმრობ მეზობელ კერიას. ქმრის ინიციატივით ოჯახის დიასახლისთან სექსი მაქვს. მამაკაცი ჩვენს ერთობლიობას უყურებს და მასტურბირებს. ღამის დასასრულს ვხვდები, რომ ეს ყველაფერი გულის ამრევია და თავის მოსაკლავად მივდივარ ნამგლისებური მთის ერთერთ ფერდობზე, რომ გადავხტე.
 როცა გადასახტომად ვემზადები ემმა მაგონდება. მეჩვენება, რომ ბუბბული სულ მთლად გასცვივდა, თვალები ჩაუცვივდა დარდით. დროდადრო ემმას საფლავსაც წარმოვიდგენ და თვალებს ვახელ, რომ ყველაფერი წარმოდგენილი დავივიწყო.
 გათენებისას გადავწყვიტე, რომ აქედან წავალ. ტბის მეორე ნაპირზე რკინიგზის სადგურია. მატარებელი ღამის მესამედში დგება სადგურში, სულ 2 წუთით. ან იმ ორი წუთით რატომ ჩერდება არავინ იცის. ამ სადგურში ხომ მას არავინ ელოდება.  
წასაღები არაფერი მაქვს და ამიტომ ცარიელი მივადექი სადურს. მატარებლის საკვამურში 12 საათი ვიჯექი და კიდევ 16 წუთი. ქალაქი სადაც საბოლოოდ ჩამოდგა რკინის კონსტრუქცია, ბუღითაა სავსე. თევზის სუნად ყარს სადგურის კედლები და გეგონება, რომ ასფალტზე განგებ წაუსვამთ ღორის ქონი.
- ვინა ხარ?
- რას გავს შეხედე.
- საიდან მოსულხარ?
ერთმა მკითხეთ მეთქი ვითხოვე. იმდენს ერთად რა მოუსმენდა. მტრედები ტალახიანები არიან.
ერთს ფეხი არა აქვს.
ის ლიდერია.
გამოჩნდა თუ არა, გაჩუმდნენ.
სანამ, რამეს მკითხავდა ვუთხარი, რომ გასულ წელს ჩვენთან დიდი ქარბორბალა მოვარდა.

 1 საათის შემდეგ ემმას, სადგურის ყველა ბინადარი, ჩემთან ერთად ეძებდა.
ყავას რომ ადუღებენ იმ ჯიხურთან მოვიყარეთ თავი და ერთერთმა თქვა, რომ ემაა გასულ კვირას უნახავთ მეტროს, მეთორმეტე ბაქანზე, იქ სადაც სხვა ფრინველები ბოზობენ.
 მინდოდა ყელი გამომეღადრა ემმაზე ასეთ რამეს რომ ამბობდა, მაგრამ მივხვდი არ ტყუოდა.

დაღამდა.
დიღომში ყველაზე ულამაზო შენობის მეშვიდე სართულზე, ფანჯრის რაფაზე დაყრილი ნამცეცებით ვიჯერე გული. ფანჯრებს მიღმა, უფრო შორს რაფიდან ოჯახი ცხოვრობს. მამა 26 წლის ამ ორშაბათს ხდება. სახლში 2 ბავშვი და უამრავი სათამაშოა. გალიაში ფრინველები, აკვარეუმში თევზები და კუ, სახელად ჯუმბერი. მთელი ზაფხული მათი ფანჯრის რაფაზე გავატარე. ასე ჩაიარა ერთმა წელიწადმა.
  მერე ცნობა მოვიდა, რომ ემმას ცხედარი იპოვეს საფეხბურთო მოედნის გვერდით სახელდახელოდ აგებულ სასაფლაოზე. ამოსაცნობად წავედი.
ემმა ისევ დუმს, ისევ ისეთი ფართოდ გახელილი თვალები აქვს, უზარმაზარი მთელ სამყაროს, რომ დაინახავ მათში ისეთი დიდი.
მოკლულია.

 ნამგლისებური მთის ფერდობზე დავკრძალე.  
აკაციის ხეზე მცხოვრები ცოლქმარი, ტრადიციულად ორგიებს მართავენ, ჩემ გაზრდილ ყვავებთად ერთად.
დროდადრო ქარბორბალას ჩემს ტანზე შერჩენილ ბუმბულებს ვატან და ველოდები.


კომენტარები