ობსერვატორია გაყიდეს

 



 ფოთლები დავითვალეთ. იწილო-ბიწილო გავითვალეთ და თამაში მე დავტოვე. ტირილი მინდოდა მაგრამ შემრცხვა. ო, რას ვიღრიალებდი, რა ხმაზე მოვთქვამდი ჩემს უბედურებაზე, მაგრამ ტირილი რა კაცის საქმეა. მივატოვე 4 კაცზე გაშლილი ბანქო და ქუჩის დასასრულისკენ გავუყევი ასფალტაცვენილ ქუჩას. ორღობე უნდა ჩაიარო, რომ ობსერვატორიის ეზოში მოხვდე. ულვაშა ყარაული და მისი უკუდო მეძებარი დარაჯობენ 13 ჰექტარიან ეზოს. დარაჯი დღის ამ მონაკვეთში ადგილზე არ არის, მეძებარიც კოჭლი ქეთუას კართან იცდის, სანამ პატრონი გაათავებს.

შევძვერი ღობიდან, რომელსაც ამასწინად გავუკეთეთ ღრიჭო. ყველაზე დიდ კაკლებს, რომ ისხამს იმ ხის ძირას დავაგდე ტანი.

ტირილის შეგრძნებამაც გამიარა რა ხანია. უზარმაზარი კაკლები ასხია ამ ხეს.

ისეთი დიდი, რომ ნახევარი კაკლის ჩენჩოსგან შეგიძლია დიდი ნავი გამოთალო. ნავს ბინძურ კანაოში ჩასვამ გაუყვება დინებას პროვინციული ქალაქის მეორე ბოლოსკენ.

სწორედ იქ მიედინება ამ ქალაქის ერთადერთი მდინარე. მისი სახელი არავინ იცის. უფრო ადრე იქ კაუჩუკის ქარხანა იყო. გამოუსადეგარ რეზინს იმ მდინარეში ყრიდნენ. ბავშვების რიგი იდგა, მდინარის მარცხენა სანაპიროზე. კაკლისგან გამოთლილი ნავიც კაუჩუკის ყოფილ გორასთან მივა, პორტიდან 2 – 3 საათში.

 ცარიელია ობსერვატორია. ყარაული გოგია აშინებს აქაურებს თუ გოგიას მეძებარი, კაცმა არ იცის. მრავალ კუთხიანი ვარდისფერი შენობა დგას გიგანტური კაკლის მარცხენა მხარეს. უამრავჯერ დამიმტვრევია იმ შენობის ფანფრები, მაგრამ ვერცერთხელ ვერ შევძელი შიგნით გადაძრომა.  

 კარი ღია დამხვდა. ფეხაკრებით გავიარე გრძელი და ბნელი დერეფანი. უზარმაზარ ცარიელ ოთახში მოვხვდი. ოთახის მარცხერნა კუთხეს დგას ტანსაცმლის საკიდი და საკიდზე ბევრი თეთრი ხალათი კიდია. საკიდის მარჯვნივ კიბე მიუყვება ქვედა სართულს.

ჩავყევი.

ოთახი უფრო ბნელია და უფრო პატარა, უფრო მიწაში. ბევრი ბურთები ყრია, ლითონის და ლითონისფერი.

იასამნისფრად ციმციმებენ დროდადრო ამ ოთახის კედლები.

ვბორიალობ, ვბოპრიალობ დაუსრულებელ დერეფნებში, მიწისქვეშა სამალავებში,

საომრად გამზადებულ მთებზე მივბობღავ და მუხლებს ძლივს მივათრევ სისხლით

სავსე ყოლბებიან ოთახამდე. ოთახის კართან რეზინის ფეხსაცმელები და რეზინის

ქუდები ყრია.  

მოვირგე. კარი გავაღე და წინა ოთახებთან შედარებით ყველაზე პატარა ოთახში

გრიგალი დგას. სახელურს ხელი რომ გავუშვა გამიტაცებს. ძლივს მოვახერხე კარის

დახურვა. ზღურბლთან თმაგაცვენილი, სავარაუდოდ 80 მიღწეული ქალი დგას.

-რაო?

-არ, არ, არაფერი ბბბებო.

-აქ როგორ მოხვდი მეთქი!

ხმა დაემტვრა.

-შემოვიპარე?

-როგორ? უკან დასაბრუნებელი გზა იცი?

ისე სწრაფად და ხმამაღლა მკითხა, რომ დავიბენი.

გიგანტური ღრუბლები მოგროვდა ჩვენს თავზემოთ და მოხუცი ატირდა.

ტირილის ხმაზე მოგროვდნენ მის გარშემო უთმო და უთვალებო ადამიანები. ყველა ტირის. ბნელა და საშინლად მინდა სახლში სადაც ბებიაჩემს უკვე გამომცხვარი ექნება ნიგვზის ნამცხვარი. ნამცხვარიც ძალიან მინდა. მერე დავიკარგეთ ვარდისფგერი შენობის პირველ სართულზე. ასე დაუსრულებლად ვიარეთ ერთად მე და სხვა თმაგაცვენილებმა. 80 - ვიყავი მიღწეული, რომ მიწისქვეშა ხვრელით გიგანტურ კაკალთან ამოვძვერით.

მზემ მისიწქვეშეთის მკვიდრნი დახოცა. ჩემი შეყვარებულკი ამელიეც მოკვდა. პროვიციული ქალაქის ბოლოდან მდინარე ზოთ ამოსულა. ზემოთ კი არა მთელ ქალაქში მიედინება წყალი. კაუჩუკის ნავებზე სხედან ადამიანები და რეზინის ნიჩბებით მიუყვებიან მდინარეს აღმა.  

 ფოთლები დავითვალეთ. იწილო-ბიწილო გავითვალეთ და გავვარდი თამაშიდან.

მძულს ორშაბათი. ნოემბრის მიწურულს დილაუთენია დიღომიც მძულს. გასულ კვირას ობსერვატორიის შენობა ჩინელებმა იყიდეს.

 

 სინათლე ოთახის მარცხენა კუთხეში მუხლებზე დავრდნილი ლოცულობს. თმა სცვივაო მზეს და ღმერთს მის გადარჩენს ევედრება.
ყავას დავლევ და გავალთ მე და დათა ამელიე.
შენ და დამიანემ დაიძინეთ.

კომენტარები