სტუმარი

 


აბურდულ საწოლზე მივაგდე პიჯაკი და ტანი. ალბათ ერთი წუთის შესრულებამდე დავიძინე. 
სიზმრები ვნახე შავი ქლიავის ჩირივით აკინძული. შავთეთრი და აზრწართმეული. 
  ღმერთი მოვიდა ჩემთან სახლში. ღმერთის სუნი იდგა ნახევრად განათებულ ოთახებში და სადარბაზოში სიმყრალის. სიცარიელეს ნახმარი ტანსაცმლის ზვინები ავსებდა და მაგიდას პურის ნამცეცები. 
39 წლის წინ აშენებული კორპუსიის ყრუ კედელზე მიჭედებულ კიბეს მივუყვებოდით, მე და ღმერთი. ის ჩემზე ძლიერი იყო და უფრო მალე ავიდა. 
სახურავიდან დიდუბე ჩანს. დღეც და ღამეც გულისამრევი ხედი იშლება დიღმიდან. ფეხები გადავყარე ცენტრალური მაგისტრალის მხარეს. 
მან არა. 
წყვეტილი ხაზების თანამიმდევრობას ვითვლიდით. 
იანვარი, დეკემბერი, ნოემბერი, ოქტომბერი და პირიქით.

დავიღალე მეთქი.
მეცო.
ვერაფერს ვერ ვაკეთებ მეთქი.
მეცო.
წავალ მეთქი.
მეცო.

გაგიჭირდებაო.

  პიჯაკს და თითებს თამბაქოს სუნი ასდიოდა. ცარიელ ოთახებში ისმოდა ჩემი ხვრინვა.
დაღლილს მემართება ასე.  
რა ვიცი, დედა ამბობს, რომ მაშინ ვხვრინავ როცა დავიღლები.

სადარბაზოს კარი ღია იყო დილით.
მეეზოვე გარდაცვლილა და ყარდა იქაობა წამლის სუნად.

კომენტარები