რეალიზმი... მე შენ მიყვარხარ...

 

 

ქუსლებიდან შემომიძვრა სხეულში ვიღაც. სტუმარმა მიიარ-მოიარა ახალი ბინა და სადღაც ფილტვებთან შეისვენა. მეცხრედ რომ შეფართხალდა გული, ისიც დაიძრა. ჯერ ტვინს, შემდეგ სისხლს და ბოლოს გულს მიადგა, მისი ფეთქვა დროებით შეასვენა. 
საავადმყოფოს პალატაში სამედიცინო აპარატის წკრიალმა გამომაღვიძა. ჩემი სხეულიდან გამომავალ რეზინის თეთრ მილებში, სისხლის ბურთულები მიგორავდნენ. მათ მითხრეს - ცოცხალი ხარო! 
სიცხისგან სისხლი დუღდა. ამას ჩემ სხეულზე დაგროვილი ოფლის წვეთები ემატებოდა და აი, გასკდა თავი. რაღაც მიშველეთ! - ვიყვირე მე და შემდეგ ექიმის ცივი ხელები მახსოვს, ვენაში ჩადგმულ კათეტერს რომ ასწორებდნენ.  
დილით ლაილამ გაიღვიძა პირველმა. თეთრია ოთახი, თეთრია ჭერი და თეთრია ზეწარი, რომელიც მაფარია. 
პალატის კართან დავინახე დედაჩემის სევდიანი თვალები. თავით კედელს მიყრდნობილი დედა მე მიყურებდა... დედა არა, მისი მღვრიე თვალები მიყურებდნენ. დედა არასდროს ტირის, ალბათ მართლა ცუდად ვარ. - ვუთხარი ჩემს თავს. ექიმმა ნება დართო და დედა პალატაში შემოვიდა. 
-დე, რა მჭირს?
-ისეთი არაფერი, როგორ ხარ?
-რავი, ჩვეულებრივად დე, მაგრამ ეს აპარატი და უამრავი მილი, რომელიც ჩემი სხეულიდან გამოდის, ძალიან მიშლის ნერვებს.
-ეგ არაფერი... და ატირდა დედა.
-დე, რატომ ტირი, დე, დედა...
და მეტი აღარაფერი მახსოვს.
  შორს ვარ მე, ჩემი სხეულიდან.
შორია ღამე... შორია თვალები დედის. ხელი მომკიდეთ ვინმემ თორემ გადავვარდები...
დილით ჩემს პალატაში მსუქანი დამლაგებელი შემოდის და ოთახს ალაგებს. დეიდა ზოზია, გვის იატაკს და რაღაც უცნაურ მელოდიას ღიღინებს. უცნაურს, გულის გამაწვრილებელს. მე არაფერს მეუბნება, რამდენჯერმე ვცადე ლაპარაკი მასთან, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან ისევ შორს ვარ მე ჩემი ტანისგნ. 
  ვგრძნობ, როგორ იღვრება ჩემი სხეული იატაკზე და ვხედავ მას როგორ წმენდს ძველი ჩვრით ზოზია დეიდა. ახლახან ჩაწურა რკინის თასში ჩვარი და მეც ჩემ სხეულში ავიხლართე. ვხედავ, როგორ იბრიცებიან პალატის კედლები და ვგრძნობ, როგორი დრეკადია ჩემი საწოლი. არ ვიცი რა მჭირს, რა მინდა ამ გაუთავებელ სითეთრეში. ვერ ვხვდები რატომ შემოდიან ჩემს პალატაში ამდენი ექიმები და რატომ აქვს ყველას უცნაური გამომეტყველება?! 
მეტყვის ვინმე, რამეს?!
ჰა!?
ცხელ ცვილს ჩემი ხელები ზელდნენ. მერე ცვილის ფიგურები სახელოსნოში დავტოვე. 
საღამოა. 
ამაღამ ლაილას უნდა შევხვდე. 
შეუძლოდ ვარ, თითქოს ჰაერი რომელიც უნდა შევისუნქო, აღარ არსებობს. 
მონასტერში ვიყავი, პეტრე-პავლობის მარხვა იქ გავატარე და იქაც შეუძლოდ ვგრძნობდი თავს. ისევე, როგორც დღეს...
მონასტრის ეზოში ორ სართულიანი შენობა იდგა, სადაც კელიები იყო განლაგებული. ზემოთ მამა-წინამძღვარი და ბერი დავითი ცხოვრობდნენ. მწუხრისას მამა-დავითი ძველი შენობის ხის მოაჯირთან იდგა, უჩუმრად... მერე ვიღაც ზარს რეკავდა და...
დილის ლოცვას ვუსმენდი. ვგრძნობდი, როგორ იღვრებოდა ჩემში რაღაც ღვთიური. ლოცულობდა ბერი-დავითი, მე კი, დილის 6 საათზე გაღვიძებას მიუჩვეველი, ისევ ველოდი მომდევნო დღის გათენებას, რათა კვლავ მომესმინა მამა- დავითისათვის. კვლავ, რაღაც ზებუნებრივის მადლით მინიჭებული ხმა გამეგო მომდევნო დილასაც.
ცვილი დავამუშავე. ტაძარი უნდა გამოვძერწო და მინდა მამა-დავითს ვაჩუქო. სახელოსნოს კარი დავკეტე და მაშინ ვიგრძენი რაღაც საშინელი ტკივილი, გულის. მერე უამრავი ხალხის ჩოჩქოლი მახსოვს. იმ დღის შემდეგ აქ ვარ, სამედიცინო აპარატი კი ისევ გულის გამაწვრილებლად წრიპინებს. 
უკვე მეათედ დაიღვარა ღამე ჩემს ზეწარზე. დედა ისევ მოდის ჩემს სანახავად. მას აღარ აქვს ისეთი სევდიანი თვალები, როგორც მაშინ. აღარც ისეთი თეთრი არაა ოთახი, არა.
სხეულზე დიდი შრამი მაქვს, ლავიწის ძვლებიდან თითქმის, კუჭის თავამდე. თეთრი მილები, რომლებიც ჩემი სხეულიდან გამოედინებოდნენ, აღარ გამოედინებიან. უფრო კარგად ვგრძნობ თავს, უფრო კარგად ვიდრე უწინ. 
-დედა როგორ ხარ?! 
კარგად ვარ დედა, მართლა კარგად ვარ დე, შენ არ ინერვიულო დე...
-მე რა, განა შენ თუ კარგად იქნები დედა, განა შენ თუ მეყოლები შვილო, განა მოვკვდები?
-დედა გეხვეწები მითხარი რა მჭირს?
-ყველაფერს გეტყვი...
-ჰა, მიდი რაღას უცდი დედა?
-იცი?...
-რომ არ ვიცი იმიტომ ვკითხულობ, რა არის ეს ამხელა ჭრილობა მკერდზე?
-დედა... შენ სხვა ადამიანის გული გადაგინერგეს.
დუმილი. დუმილის შემდეგ, კიდევ დუმილი...
ტვინი სხეულში ჩამომეღვარა. სხვისი გული მიცემს.რამდენი უცნობი სიხარულის, სიყვარულის, ტკივილის, შეგრძნებების და ემოციების მომსწრე, გული. სხვა ცხოვრებიდან მოსული და უკვე წასული ადამანის ორგანო ახლა ჩემში ცოცხლობს. როგორ გავიგო რა უნდოდა მას? ან რა მენდომება მე? მე ხომ ჩემი გულით ვგრძნობდი ყველაფერს, გულით მიყვარდა და განვიცდიდი. ვდარდობდი. მახსოვს რაღაც ცუდის გაგებისას როგორ მომეწურებოდა გული. განა ეს გულიც ისევე მომეწურება? განა ამასაც ისე ეყვარება?
-და ვინაა ის ადამიანი?- ვიკითხე მე.
-ეგ არ ვიცი.
-როგორ თუ არ იცი, დედა!
-არ ვიცი, მას ვინაობის გამხელა არ სურდა დედა, არა.
დედა წავიდა. მწუხრი მოეხეთქა გარედან ფანჯრის მინებს. ვერ შემოხვალ, სანამ დეიდა ზოზია ელექტრო ნათურას არ ჩააქრობს.! ვუთხარი მე, ღამემ ცხვირი მინას მოასრისა. ოთახში სინათლე არავის ჩაუქრია და ღამე იანვარმა გაყინა. მერე სიზმარი მახსოვს, ძაძებასხმული ქალი გაწეწილი თმით...
სახლში ხუთ დღეში გამწერეს. ჯერჯერობით ინვალიდის ეტლით გადავადგილდები.  
ლაილა წავიდა. რაც საავადმყოფოში ვიწექი აღარ მინახავს. ლაილა წავიდა და მეც აღარ ვარსებობ. მე, სხვა ადამიანის გულით?!
ლაილა 17 წლისამ გავიცანი. იდუმალი, სევდიანი თვალებით. ლა, მერე ასე ვეძახდი მას. 
- მინდა შეგეხო... საჩვენებელი თითი ტუჩებზე მივადე და ჩემი სახლის სხვენში დუმილი გაბატონდა. მერე დუმილს ოდნავი წამოკივლება მოჰყვა ქალისა. ხშირ სუნთქვას კი სველი სხეულები... ცრემლითა და დორბლით დასველებულ სახეს ვულოკავდი. ტირილი არ მინდოდა, მაგრამ თითქმის გათენებამდე ვტიროდი... ჩემი თითები ლაილას საქალწულე აპკიდან ჩამოღვრილმა სისხლმა დასვარა. ნიშნად იმისა, რომ მე მისი მტკივილი მტკიოდა, სახე სისხლით დავისვარე და ველურივით ვეცი მის ბაგეებს. თითქოს ჩემთვის რაღაც უნდოდა ეთქვა სისხლს... თითქოს. მაგრამ სიბნელემ ჩვენ შორის დიალოგი არ ისურვა. 
ლა მხოლოდ სიზმრებში მოდიოდა და გათენებისას ქრებოდა. მერე ისევ მოდიოდა და მიდიოდა. ჩვენ ვიქორწინეთ. ოთხი წელია ჩემი ცოლია. ჩემი სისხლის მიმოსვლის სათავე, ღამით მოსული, ლაილა მოჩვენება... და ახლა მიმატოვა. ახლა, როცა ყველაზე მეტად მჭირდება. 15 ღამეა აღარ დამსიზმრებია. სხვა ვარ სხვისი გულით და ისევ უშორესი, ჩემი სხეულიდან.  
ახლახან ჯონათანმა გაიფრინა ჩემს თავს ზემოთ. როგორ მინდა შევხტე, ფეხებში ხელი ვტაცო და შევემუდარო ფრენა არ შეწყვიტოს. ჯონათანი კი ისე ლაღად, უდარდელად ატყლაშუნებს ფრთებს რომ... 
მიჭირს განვასხვავო! - ბახმა შექმნა ჯონათანი? თუ ჯონათანმა ბახი?
არ ვიცი და არანაირი სურვლი არ მაქვს ეს ვიცოდე. მთავარი ისაა, რომ ვიღაც ლივინგსტონი და თანაც ჯონათანი არსებობს და ჩემზე ბევრად მარტივი ცხოვრებით ცხოვრობს.
ვიღაცამ ჩამძახა, რომ არაო! არა კი არა, კი ჯონათან, მერწმუნე ასეა, შენ მარტივი ხარ ჩემთან შედარებით უმარტივესი... მე შენთან მინდა სიმარტივეში. 
შორია თოლია, შორი ვარ მე და შენ უშორესი. ვსვამ მიუხედავად იმისა, რომ ექიმი მემუდარებოდა მოწევა და სმა ჩემი ცხოვრებიდან გამექრო. ვსვამ ექიმო, აი მიყურე, მხედავ? შეხედე, ვეწევი ექიმო, დაინახე? 
ღამე ლუდის ბოთლს ეთომარება, მე კი ისევ გავუკიდე სიგარეტს, რომ არ დაგივიწყო, რომ არ მახსოვდე, რომ წახვიდე, რომ არ მიმატოვო. გამამარტივე და მერე ურთულესად მაქციე. რომ შემეხო, რომ არ მომეკარო, რომ სულ ოდნავ შეეხო ჩემს თმას, აღმაგზნო და ჩამომღვარო...
ეხ, ჯონათან! წადი, წადი არ დამელოდო...
რა უაზროდ მიიზლაზნებიან წუთები და რა უშნოა ღამე. უსწრაფესად გადაუფრინა ჯონათანმა ირეალურ მოჩვენებებს. უკვე 4 დღეა მეგობრებთან ერთად, (მათი უმორჩილესი თხოვნით) ზღვაზე ვარ. პლაჟზე კენჭები მოვაგროვე, წყალში სასროლად, რომ ყოველ გასროლილ ქვას შენ გაგაყოლო. ვიცი, მთელი სანაპიროს ქვები, რომ ზღვაში მოვისროლო, მაინც არ გათავდები არასოდეს. ზღვაზე ლაილას გარეშე გატარებულმა რამდენიმე დღემ უფო საშინლად ჩაიარა, ვირდე ამ ერთმა წელიწადმა უმისოდ. დავატარებ სხვანაირად მფეთქავ გულს, ბუმბულზე უფრო მძიმესა და ჩემთან შედარებით გენიოსს, ბრძენს...  
ზღვაზე თამაში გამოვიგონე: სმს-ებს ვუგზავნი ლაილას. ნომრის აკრეფის რეჟიმში ჩემი მობილური ტელეფონის ნომერს ვკრეფავ და ჩემი გაგზავნილი სმს-ები ისევ ჩემთან ბრუნდებიან. ასე რამოდინმე დღე ვუგზავნე ჩემს თავს წერილები, მერე ისევ დაღამდა გუშინდელივით... 
ჩემი მობილური ტელეფონის მონიტორი აციმციმდა, მე სმს-ი არ გამიმზავნია. ნომერი ამოუცნობია, ტექსტი კი ასეთი:
„წასვლა არ შემიძლია. მე ხომ ძალიან დიდხანს ველოდი შენს მოსვლას ჩემს ცხოვრებაში. მაგრად ჩამჭიდე ხელი და თუ ოდესმე გეტყვი, რომ არ მინდა შენთან ყოფნა, უნდა წავიდე,- არ გამიშვა! ნამდვილად შენს მოტყუებას შევეცდები, მაგრამ გთხოვ არ მოტყუვდე. ჩამიხუტე და მითხარი, რომ ვერ მელევი. არასდროს მომინდება შენგან გაქცევა”.
საშინელებაა, საოცრად დიდი საშინელება - ოდნავ ხმამაღლა წარმოვთქვი ეს სიტყვები და მერე მეგობრემა გათენებამდე ჩემი ნაბოდვარი ისმინეს სმს მოჩვენებებზე...
დილით ისევ მოვიდა უცნობის სმს-ი: 
„გამუდმებით კოელიოს სიტყვები ჩამესმის: „თუკი რაიმე მთელი გულით გსურს, მთელი სამყარო შეინთქმევა რათა შენს საწადელს მიგაღწევინოს” და მე მთელი გულით, მთელი არსებით შენთან მსურდა... არასდროს დამტოვო მარტო და თუ ოდესმე შენ, ჩემი ცხოვრებიდან წახვალ, მთელი გულით მენდომება სიკვდილი... უშენოდ ყველაფერი აზრს კარგავს ჩემო თოლია. და უსაზღვრო ცაზე უსასრულოდ შენთან მინდა...”
უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ვგიჟდები. მეტისმეტად ირეალურ ცხოვრებას გადაჩვეული, ახალ ირეალობას ვეჩვევი. გზავნილები არაფრიდან და გზავნილები არავის, რომელიც ყოველთვის იქ მიდის სადაც აგზავნი. 
ვგიჟდები... და ტკბილია ეს სიგიჟე. ვკვდები და მეტისმეტად გემრიელია ეს სიკვდილი... ფრაზებს აყოლილი სანაპიროზე ჯონათანს დავეძებ. ისევ ვაგზავნი წერილებს ჩემს ნომერზე და ამოუცნობი ნომრიდან მათი საპასუხო სმს-ები, მიბუნდება. 

-„იცი, ახლა სანაპირეოზე დავბორიალობ. უცნაურად გამოიყურება მთელი სამყარო. მხოლოდ მე და შენ საიდანღაც მოსული არავინ, მე აქ ზღვას ვერ ვხედავ... მინდა ვიყვირო, მაგრამ ძალიან, ძალიან მრცხვენია ყვილის...”
პასუხი:

-„მეც მინდა ვიყვირო, შენთან ერთად მინდა ძახილი ხმის გაქრობამდე... შენი სითბო მჭირდება თოლი, ყოველ წამს, შენ კი ისე შორს ხარ... მძულს საათის სამივე ისარი, რომელიც ასე ნელა მოძრაობს... გამუდმებით შენთან მინდა, მგონი შევიშალე. ღამით შენი გულისცემის მოსმენა მინდა. იცი, როგორ მსიამოვნებს მატარებლის რელსების ხმა და სიჩქარე? ბავშვობის ნოსტალგიაა ასეთი. მიყვარს მატარებელი მაგრამ ცუდი ისაა, რომ მას შენთან არ მოვყავარ.”

შემდეგ რამოდენიმე დღით სმს მისტერია შეწყდა. მე რატომღაც სტუდენტობის წლები გამახსენდა.
ოთხი - ჩვეულებრივზე არაჩვეულებრივი წელი. ყველაზე პრესტიჟული ფაკულტეტის, ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი ვიყავი. დღესაც ეძებენ ჩემი თვალები ვიღაცის თვალებს და მაშინაც დაეძებდნენ. მეც, მეც მეძებდნენ ვიღაცის თვალები. შენობას, სადაც ვსწავლობდი, ორი კიბე ჰქონდა. ერთი ყოველთვის ხალხით იყო სავსე, უკანა კიბეზე კი მწეველები ვისხედით მხოლოდ. დერეფნის კუთხეში რომ აუდიტორიაა იქ თითქმის ყოველთვის იდგა ვიღაც, ვინც ჩემსავით დაეძებდა რაღაცას. პირველად მეორე კურსზე ვიყავი, როცა ახალი კურსის, ახალი სახე შევამჩნიე. ვიცოდი არასდროს მეყოფოდა გამბედაობა მასთან მისვლისა და თქმის, რომ: - მეც გიჟი ვარ... მეც ღამღამობით დავბორიალობ თბილისში და ხმის გაქრობამდე ვყვირი. მეც ვყრი გალაკტიონის ხიდიდან საყვარელ ნივთებს. მეც ვწერ და შემდეგ დაქუცმაცებულ ფურცლებს ქარს ვატან. მაგრამ რა იცი რომ მასაც ეს სურს?! - ჩამძახა ვიღაცამ. ვიცი ჯონათან, ვიცი...
არაფერი ყოფილა ჩვენს შორის, თვალებში წამიერი შეხედვისა და ერთადერთხელ ნათქვამი გამარჯობის გარდა. არ ვიცი, რატომ გავიხსენე ის ადამიანი, ალბათ მასაც გავახსენდი და... 
თბილისში ხუთ დღეში დავბრუნდი. დედა ისევ აღელვებული მკერდითა და ცრემლიანი თვალებით დემხვდა. 
-დე! მე კარგად ვარ და თუ გინდა რომ ცუდად არ გავხდე, შენს ცრემლებს ნუ დამანახებ! შენ ხომ არასდროს ტიროდი დე, და ახლა რა გჭირს?
-ბოდიში შვილო, თავი ვეღარ შევიკავე და რა ვქნა?! 
დედა სულ ტირის. მაშინაც ტიროდა მამამ რომ მიატოვა. მაშინაც, მე რომ ჩავირიცხე და მაშინაც, როცა პირველად წავედი სამსახურში. დედას განა არა აქვს სატირლად საქმე? 
თუმცა მე არასდროს ვამბობ, რომ დედა ტირის.
გათენებამდე ვწერ ჩემს სიგიჟეზე. ღამის 2 საათზე კარზე კაკუნის ხმა გავიგე. 
გავაღე.
უცნაურად ჩაცმულმა ახალგაზრდა კაცმა, რომლის ფეხებს ალისფერი ფარჩა ფარავდა, ყუთი გამომიწოდა და მითხრა;
- თქვენს სახელზე გზავნილია.
- ჩემთვის?- გაოცებულმა ვიკითხე და სანამ იმის თქმას მოვასწრებდი ვისგან იყო გზავნილი, არ ვიცი უცნობი გაქრა, თუ სადარბაზოში ჩამოწოლილ სიბნელეს შეერია. 
ყუთი გავხსენი. შიგნით მოთავსებულ თაბახის ფურცლებზე ასეთი რამ ამოვიკითხე:

„ისევ თბილისის ქუჩებში ვსეირნობ მარტო, ცარიელი, არაფრისმქონე, უემოციო... ოღონდ არ ვიცი ღამეა თუ დღე-არც მაინტერესებს, არც ცისკენ ვიყურები, არც მიწისკენ. თვალდახუჭული მივყვები ხმებს... 
ძნელია იმ ქალაქში ყოფნა სადაც შენ ვერ გნახავ, შენ ვერ მოგნახავ... სადაც შენ არ ხარ! 
ხმაური: ადამიანების, მანქანების, თოლიების, მტკვრის... მამშვიდებს. ვიღაც ბოლო ხმაზე ყვირის... სიტყვები არ მესმის! უფრო სწორად არ ვუსმენ. მხოლოდ ძლიერი ყვირილისგან გამოწვეულ ვიბრაციას ვგრძნობ. მინდა მასთან მივიდე და ვუთხრა, რომ მეც მინდა ყვირილი. მეც მინდა ყვირილი ხმის გაქრობამდე...”
კიდევ ერთი ვიბრაცია ვიგრძენი ახლა უკვე ჩემს ჯიბეში. თვალები გავახილე, დაღამებულა... სმს-სს ვკითხულობ თოლია რომელიც გჭირდება - საგან მოსულს:

„რატოა ყველაფერი ისე როგორც არ უნა იყოს? რატოა ღამე ესეთი უშნო და რატომ მენატრები?”
უპასუხოდ ვტოვებ, პასუხისთვის ძალა არ მყოფნის. მერე ვრთავ ჩემ საყვარელ სიმღერას მობილურში და იწყება ნაზი, სათუთი, საოცრად ფაქიზი მელოდია... „ყვითელი ფოთლები თან მიაქვს ქარს და აყრის ფიფქებად შენს სახლის კარს. გეძახი, არავინ არა მცემს ხმას, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს.”

„მე მოვალ შენს ცხოვრებაში! დედას ვფიცავარ მოვკვდები და მაინც ჩემი იქნები, სიცოცხლეს ვფიცავ!" - გამუდმებით ჩამესმის შენი დაპირება-სიტყვები... და მეც ველი შენს მოსვლას ჩემს ცხოვრებაში. მითხარი, ხომ არ მოგწყინდება ჩემთან? 
წინასწარ გეტყვი, ცოტათი მოსაწყენი ვარ! 
არა, იქნებ არც ვარ? - არ ვიცი, მაგრამ მაინც დავიზღვევ თავს. შეიძლება არ ვარ მოსაწყენი, მაგრამ იქნებ საკმარისად საინტერესო არ ვარ შენთვის?
და მაინც არ მოგწყიდე რა!? გთხოვ, არ მოგწყინდე...
ვბოდავ.

„... მაგრამ რა, განა ნაბოდვარით არ ვარსებობთ?”
მინდოდა დაუფარავად გამომეხატა ემოცია როცა პირველად გნახე. მაგრამ გამბედაობა არ მეყო. ყოველ დღე სწორედ იმ ადგილას მინდოდა მენახე სევდიანი და საოცრად თბილი... მე კი, ისევ ისე ჩაგივლიდი და გამარჯობის თქმას ვერ გავბედავდი. მერე, მთელი დღე საკუთარ თავს ვებუტებოდი ამის გამო და ხმას არ ვცემდი. არა და როგორ მინდოდა საუბარი - თუნდაც საკუთარ თავთან.
ვიცი, რომ ზოგჯერ შენც...

„გიჩნდება სურვილი დაიხარჯო, ყველაფერი ილაპარაკო გათენებამდე. მხოლოდ პოეზია და ფანჯრებგარედან ცხვირმისრესილი ღამე გისმინდეს... და ჩვენ კი, შუქს არ ჩავაქრობდით, რომ არ შემოიპაროს ღამე ჩვენს ოთახში.”

არ ვიცი რა მინადა და, მაინც შენთან მინდა. ბრმა ვარ და, მაინც მზეს ვუყურებ. მტკივა, მაგრამ არ განვიცდი, რადგან ვიცი უფრო დიდ ტკივილს ვიმსახურებ. პირდაპირ უნდა მოვსულიყავი მაშინ შენთან, კიბის ქვედა საფეხურიდან უნდა მეთქვა შენთვის, რომ არ გიცნობ, მაგრამ მიყვარხარ. რომ მე და შენ ერთნი ვართ, ერთმანეთს ვეკუთვნით! რომ მე გიპოვე და ახლა შენ უნდა გაიღიმო, ხოო!!! - უნადა გაგიხარდეს! ისეთი თვალებით უნდა შემომხედო, რომ დავიჯერო, შენც იგივეს გრძნობ. რა ბედნიერი ვიქნებოდი, ეს რომ გამეკეთებინა. თუმცა არც ეხლაა გვიან. ბედნიერებისთვის არასდროს არაა გვიანი.  
მოვალ.
ხო, მოვალ და გეტყვი, რომ ცოტათი დამაგვიანდა! გზად ათას საშინელებას გადავეყარე... დრო შეუმჩნევლად გავიდა, არა კი არ გავიდა-გაფინდა... (ასე უფრო მძაფრი წინადადება გამოვა) ხო, რა მოხდა?! დიდი ამბავი, ერთი სიტყვით ზედმეტი თუ ვთქვი! - თავს გავიმართლებ. უფრო დამაჯერებელი რომ იყოს ჩემი მოგზაურობის ამბავი, ცნობილი ადამანების მაგალითებს დაგისახელებ. დაგიმტკიცებ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს... - უნდა დაიჯერო, გესმის!? ყოველი სიტყვის უნდა გჯეროდეს და მერე: 
„ჩვენი ფიქრები ერთმანეთს შეეხებიან, აიბურდებიან... მე ტვინი სხეულში ჩამომეღვრება და აღვიგზნები. მერე ძალიან, ძალიან მომინდები და...” 
ან:
„თუ გინდა, ნურასდროს ნუ მოხვალ ჩემთან ძალიან ახლოს, მაგრამ გთხოვ, არასდროს წახვიდე ისე შორს, რომ ვერ გგრძნობდე, ვერ გხედავდე...” 
„ჩემი ხარ! მე შენი... მერე რა რომ სხეულით არა?” 
„სულს დავიტოვებ, სხეულს გავატან სცენის დრამატურგს” - რატომღაც შენი ლექსი გამახსენდა...
...უეცრად შუქი ქრება, სცენა ბნელდება... შეშინებული, გაუნძრევლად ვდგავარ სცენის შუაგულში და ვხედავ მხოლოდ სილუეტს.
შენ ხარ?- გკითხე.
მერე ჩემეხუტე და თვალები დამიკოცნე. მერე სიბნელის აღარ შემშინებია... 
გამომეღვიძა და იცი სად აღმოვჩნდი? კიბეებთან რომ აუდიტორიაა, იქ. შენ დერეფნიდან მოდიოდი ჩემთან და მე თვალები ისევ დავხუჭე. 
რატომ? - მიპასუხე! 
- გთხოვ, გამომაღვიძე, მინდა ისევ დაგინახო. გამაღვიძე!
მე შენ მჭირდები. შენ მე გჭირდები... მთელი ცხოვრებისთვის. მიყვარხარ. 

P.S. მრავალჯერ გადავიკითხე შენი სმს-ები. მერე გამიჩნდა სურვილი რაღაც დამეწერა და აი, რა გამოვიდა. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სრულყოფილი ადამიანი გავხდი მას შემდეგ, რაც შენ შემიყვარე. ამ ფურცლებს შენ გიგზავნი ჩემი არადამაჯერებელი ირეალობიდან. ალბათ ისევ ის ფარჩა ჰქონდა მოსხმული შიკრიკ ნოეს, არა?  

არ მკითხო ვინაა ნოე, არ ვიცი და ვერც გიპასუხებ. უბრალოდ ერთხელ ძალიან, ძალიან ვინატრე და ისიც მოვიდა. მას ვატან შენთან გზავნილებს. 
გახსოვს ნახატები?! 
თაბახზე უპოროპორციო ქალები, რომ ეხატა. - შენ ქუჩაში იპოვე ისინი. მე კი - ნოეს გამოვატანე შენთან. ერთხელ, მაშინ როცა პირველად გნახე, საოცრად თბილი და უფრო საოცრად სევდიანი, მაშინ მთელი გულით ვინატრე შენ ჩემს სიზმრებში მოსულიყავი და შენც მოხვედი. იცი? შეიძლება ახლა გაიფიქრე, რომ გიჟდები... მაგრამ განა სიგიჟე არაა ეს ყველაფერი? 
4 წლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე უშნო ღამეს შენ ჩემი სიზმრებიდან წახვედი.
მერე საშინლად სასაცილო თამაში გამოვიგონე და სმს-ებს მას შემდეგ ჩემს ნომერზე ვაგზავნი. ისინი ყოველთვის მოდიან შენთან. არ ვიცი, რა შეიძლება ამ ყველაფერს ვუწოდო, მაგრამ განა მინდა რომ ვუწოდო რამე?! გიგზავნი შეგრძნებებს, ფაქტებს, ემოციებს წარსულიდან, რომ მერე დახიო და თბილისის ქუჩებში მიმოფანტოს ქარმა. არასდროს მთხოვო შენამდე მოსვლა! ვიცი, ძალა არ მეყოფა და გავიქცევი...”


სულ ოდნავ იყო გადახრილი საათის ისარი ოთხისკენ. გაუნძრევლად დევს ენა... ტვინის არცერთ ნაოჭს არ შეუძლია იაზროვნოს. მაშინ ძალიან, ძალიან ვინატრე ნოე...  
საათის პატარა ისარი ოთხს უახლოვდებოდა, როცა ჩემი სახლის კარზე კიდევ კაკუნი, მომესმა. 
გავაღე.
ალისფერი ფარჩა...
-მაპატიე, ძალიან შორს ცხოვრობ ჩვენგან!
ახლა მთელ ძალას ვიკრებ, რომ კართან არ დავვარდე.
- იცით.
- არა, ბატონო, არ ვიცი.!
ეს ქვა სანაპიროზე ვიპოვე - ვუთხარი მე.
მან ხელში დაატრიალა ქვა და თქვა: 
- იდეალურია, ქვა რომელზეც მზე ორი მხრიდან ამოდის. სანაპირო, სადაც მხოლოდ ორი ადამიანი არსებობს და ცა, რომელზეც ჯონათანის გადაფრენას ელოდებიან...
- მართალს ბრძანებთ! პირველი ადამიანი ხართ ვინც ის დაინახა მაგ ქვაზე, რასაც მე ვხედავ. იცით მინდა, რომ მანაც ის დაინახოს, რაც მე და თქვენ.
-დაინახავს!!! -მითხრა ნოემ და ისევ შეერია სიბნელეს, სადარბაზოში. 

ეს ღამეც გავათენე. დედა მეასედ შემოვიდა ოთახში და მთხოვა, დამესვენა. მას არ უკითხავს არაფერი, ალბათ ვერ გაიგო კაკუნი კარზე... 
გათენებისას ჩემეძინდა და შუადღის 3 საათზე, მეტად უცნაური სიზმრის შემდეგ, ოდნავ დამფრთხალს გამომეღვიძა: "მონასტერს, სადაც მარხვა გავატარე, ოდავი ბინდი მოსდებოდა. კედლები მატად უცნაური ბზარებით, ღრიჭოებით და ხავსით იყო სავსე, რომლებიც აქამდა არ შემიმჩნევია. ტაძრის ალაყაფის კართან, ის ძაძებასხმული ქალი იდგა, საავადმყოფოში რომ მესიზმრა. ქალის თვალები ძალიან გავდნენ ჩემს თვალებს. მართალია არ შემოუხედავს მას ჩემთვის, მაგრამ ვიცი, რომ ჩემისთანა თვალები ჰქონდა, ვიცი...
მამა-დავითი ისევ ძველ მოაჯირთან იდგა და ისევ ხმადაბლა ლოცულობდა მამაო ჩვენოს. უცებ ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო. 
შევხტი. 
მე ვარ. 
ვინ შენ?- ვკითხე ქალს რომელიც ეკლესიის კართან იდგა.
მე ვარ. მე ვარ. მე.
- გასაგებია ქალბატონო! "მე", მაგრამ მე რა, თუ თქვენ „მე” ხართ?
- შენ ალბათ გამშვიდებს თოლიების ხმა! - მითხრა უთვალებო ქალმა. ის მიწას უყურებდა... 
- თქვენ ალბათ წითელი პომადა გისვიათ ტუჩებზე და ღამღამობით ვულგარულად იმოსებით. მერე ქალაქში ბოდიალობთ არა?!
არ ვიცი რატომ ვკითხე ასე?.
ქალი დუმდა.
- თქვენ ხართ არა, ღამღამობით რომ კივით ჩემს ფანჯრებთან?
არადა, არავინ არასდროს არ კივის ჩემს ფანჯრებთან. ვერ ვხვდები ჩემი აგრესიის მიზეზს.
- მე აღარ მამშვიდებს ხმა... თოლიების... და საერთოდ ვინ ხარ?! 
-რა ჭირს ამ მონასტერს?! 
-სადაა ფრესკები?!
- გამაგებინე! რატომ არ მიჩვენებ სახეს?! 
- რატომ?!
მხრებში მაგრად მოვუჭირე ხელი... უფრო მეტად დახარა მიწისკენ სახე... უცებ ატირდა და მე მხოლოდ მისი ძაძები შემრჩა. ქალი მონასტრის ნესტიან მიწას შეერია."
და ასე გამომეღვიძა ოდნავ დამფრთხალს...
სიზმარზე ბევრი არ მიფიქრია. უცნაურ რამეებს საერთოდ ხშირად ვხედავ სიზმრად და ამ უცნაურობასაც ჩემში ინტერესი არ აღუძრავს.

- დე, წუხელ კარზე კაკუნის ხმა არ გაგიგია?- ვკითხე დედას.
- არა?!... რა ვინმე გვესტუმრა?
- არა არავინ, ყურადღებას ნუ მომაქცევ, დაივიწყე.

დედასაც მეტი არაფერი უკითხავს...

იცი?
ალბათ ჩემი რომ გესმოდეს ახლა მიპასუხებდი რომ, არა, არ ვიცი! იმიტომ, რომ მე თვითონ არ ვიცი ეხლა რა მინდა. დროდადრო კიბეებთან რომ აუდიტორიაა ფიქრით იქ ვარ. დაგეძებ, დაგეძებ, დაგეძებ და არ ხარ. 
სადა ხარ?- ვიყვირე, მე. 
მერე ვიღაცამ მხარზე დამადო ხელი და მითხრა:
- აქ ვარ თოლი...
შემოვიხედე. შენ მიწას უყურებ, გემუდარები რომ თვალები დამანახო, მაგრამ დავიღალე, დავიღალე! ამდენი ფიქრით.
არა და ვფიქრობ, მეტი არაფერი. 
ხვალ სამსახურში უნადა გავიდე. ამ ერთი წლის განმავლობაში პირველად. იცი, მომენატრა ჩემი სამსახური. 
სად ვმუშაობ? 
ალბათ დაინტერესდი. სად და, სამსახურში! 
ჩემი მობილური ტელეფონი ისევ ავიღე ხელში და გწერ:

„რა ვქნა თოლი მეტი არ შემიძლია, ვგიჟდები თოლი, დედას ვფიცავარ არ მჯერა ამ ყველაფრის. ავადმყოფურად მიდნა შენთან თოლი, შენი თვალების დანახვა მინდა უზომოდ...
ეხლა თბილისის ქუჩებში ვბოდიალობ... ვბოდიალობ... მაგრამ ვერაფრით ვერ მოვბოდიალდი შენამდე ჩემო თოლია.”

უპასუხო...

„თოლი ზღვა მენატრება. უამრავი კენჭებით სავსე სანაპირო და ნაპირს მოხეთქებული წყალიც მენატრება. თოლი, შენი გადაფრენა მენატრება... გადაფრენისას შეჩერდი, ჩემთან შეისვენე მთელი ცხოვრებით.”

  უპასუხო...

მერე ჩავთვალე, რომ ირელურ „კავშირგაბმულობომანიის” ოფისს ანგარიში ამოეწურა.
წრიული ცხორების პატარა ისარი ცხრას უახლოვდებოდა, მე რომ ჩავიძინე მაშინ.
მიყვარს მატარებელი. „მატარებელი სადღაც შორს მიქროდა... და შორს ღრუბლებში იფარებოდა... შენზე ფიქრები სადღაც შორს მიქროდა... დაკეტლ სიზმრებში იფანტებოდა... მატარებელი... ამ პატარა სიმღერას მხოლოდ შენთვის ვმღერი...”
ამ უცნობ სიმღერას მღერიან ეხლა ჩემს „ ცდ-ფლეიერ”-ში ვინმე- გუგა და ბესო. 
ჩემი მატარებელიც მიქრის.  
მემანქანე ყოველ სადგურზე გაჩერებისას ყვირის, რომ მატარებელი მიდის გურამიშვილამდე. 
დღეს პირველად გავედი სამსახურში. უცნაურია, მაგრამ ყველაფერი ნაცნობი, მეტად უცნაურად მეჩვენა. უცნაურია, მაგრამ ყოველ კვირა ეკლესიაში დავდივარ, წირვას ვისმენ. თითქოს ძალიან ნაცნობ სიმშვიდეს მხრით მიყრდნობილი ვუყურებ, როგორ იწვიან სანთლები. ათასი სურვილის თუ პატიების თხოვნით დანთებული სანთლები. მიყვარს ტაძარი. 
საღამოა. 
სამსახურიდან სახლში ვბრუნდები. ორთაჭალიდან ნაცნობ სანაპიროს მეტეხის ხიდამდე ფეხით მივუყვები. ხიდიდან ლესელიძით ავდივარ თავისუფლების მოედანზე და მეტროს საშუალებით მივბოდიალობ. მეც მიყვარს მატარებელის ხმაური და სიჩქარე. ხალხი მიყვარს ვაგზლის მოედანზე, გაჩერებულ ვაგონში რომ შემოდიან და საერთოდ, საღამოს სევდიანი თვალებით სავსე მატარებელი ძალიან მიყვარს, მაგრამ მას არც მე არ მოვყავარ შენამდე. რადგან დიღომში მეტრო არ არის, მეც სადგურ დიდუბეში ამოვდივარ და ისევ მწეველ მდინარეზე გადებული შალიკაშვილის ხიდი. ღამეა და თოლიები არ დაფრინავენ. დილით აქაურობა თოლიებითაა სავსე. მიყვარს ეს გზა - სამსახურიდან დიდუბის ხიდამდე. ხიდზე შენ გემშვიდობები და სახლში მივბოდიალობ.
- მიყვარხარ.
- მოგაძახე.
- გაიგონე?
უკვე ოცდაათჯერ დაღამდა, მაგრამ ჩემს ტელეფონზე სმს-ი „თოლია რომელიც გჭირდება”-საგან აღარ მოსულა... უფრო დაუშნოვდა ღამე. უკვე საშინლად მტკივა თავი, ალბათ ფიქრებმა ამატკივეს, ისინი ხომ თავში ცხოვრობენ. ეხლა ჩემი სახლის სახურავზე ვზივარ, ჩემგან მარჯვნივ ზის, ჩემი უსაზიზღრესი ხასიათი. სახურავიდან დიდუბის ხიდი მოსჩანს. ფილომენამ, ზეწრიანმა, ფარჩა მოსხმოლმა ნოემ და ისევ ათასმა ირეალობამ ერთდროულად მომაკითხა. შეყვარებული ვარ. ღვინო თეთრია და მშრალი, ოღონთ ისეთი მშრალი არაა, რომ ტუჩები გამომიშროს. 
-გაიგონე, ხიდზე რაც მოგაძახე დამშვიდობებისას?!  
ყოველთვის მომაცილე ხიდამდე, მე ხომ - ყოველ დღე, სამსახურიდან როცა ვბრუნდები, დიდუბის ხიდთან ვჩერდები და გეუბნები: ხვალამდე ჩემო თოლია!... მიყვარხარ,- მთელი სამყაროს არსებობამდე... 
ღვინის ცარიელი ბოთლი გზაზე მოვისროლე და ის დაიმსხვრა.
  ვბოდიალობ, ვჩერდები... ვბოდიალობ, ვჩერდები... 
გეძახი. 
ვერ ვხვდები გესმის თუ არა? 
მახსოვს, რომ მაღალ სართულიან შენომაში ვცხოვრობ. სახურავი... 
მივბოდიალდი. 
სველია. 
მაგრამ ისეთი სველი არა, რომ ტუჩები დამისველოს. ღვინის ფერია, ღვინო არ არის. 
ათრობს. 
ლუდია.
ვხვდები, რომ ბოლო ბოთლი უნდა მოვისროლო.
ვხედავ ხიდს და მდინარეს. 
გეძახი.
გეძებ.
მაცილებ.
ყოველთვის მომაცილე ხიდამდე!
თავი. 
ვიცი რომ შიგნით ტვინია. 
წრიული ცხოვრების ყოველი საათი, ვიღაც ჩაქუჩს აბრაგუნებს გაუჩერებლად.
ვეწევი... ვეწევი... ვეწევი...
და ნირვანა. 
იქაც არ აჩერებს ხელს დურგალი.
ვსვავ... ვსვავ... ვსვავ... 
და ჭიქას-ჭიქაზე შენ ყოველთვის მიჭახუნებ.
გეძებ.
მაგრამ არა , ვერა... 

დილით სახელოსნოში წავედი. მინდა ცვილის დამუშავებული ფიგურები დავამთავრო და ეკლესია გამოვძერწო. ხვალ მონასტერში მინდა წავიდე და მამა- დავითს დაპირებულ საჩუქარსაც წავუღებ. თბილი ცვილი თითებით მოვზილე. მსიამოვნებს, როცა თითები იმას აკეთებენ რაც უნდათ. მსიამოვნებს ცვილის მორჩილი ხასიათი. დავასრულე.
დილით ნაცნობი მონასტრის, ნაცნობ ალაყაფის კარს მივადექი. კართან ქალი იდგა და, ხმადაბლა კითხულობდა ლოცვანს პატარა წიგნიდან. 
მისი თვალები არ დამინახავს, მიწას უყურებდა და იმიტომ. ტაძარში თითქოს ყველაფერი ნაცნობი, ზედმეტად უცხოდ მომეჩვენა. ეზოში საფლავებთან ახალი სასაფლაოც შევნიშნე. გული უაზროდ, შეუსვენებლად ფეთქავს, მგონია დავვარდები და ამიტომ ტაძრის ეზოში მდგარ ბროწეულის ხეს მთელი ძალით ჩავეჭიდე. 
ვნახე მამაწინამძღვარი.  
მან დამლოცა.
ყველა ნაცნობი მორჩილი მოვინახულე. შევედი კელიაში სადაც ვცხოვრობდი. უკვე ძებნით დაღლილმა მამაწინამძღვარს ვკითხე: მამა-დავითი სადაა, ზე

კომენტარები