ფორთოხლისფერი ფილომენა

პროლოგი.

ფიქრი ფიქრს გავანდე. მაშინ როცა სულში უკუნმა დაიდო ბინა, ფიქრები ერთმანეთს სინქრონული კადრებივით მიყვნენ. აწმყოდან წარსულისკენ, წარსულიდან აწმყოსკენ და შეჩერდნენ.
ღამეს უკვე შემოეცვა ანაფორა, როდესაც შავმელნიანი კალამი ხელში ავიღე და დავიწყე თხრობა ფურცელზე.
სიჩუმეა…..
ხანდახან მას საათის ისრის მოძრაობა არღვევს.
ფიქრებს უნებლიედ ავუშვი სადავე და ისინიც წარსულისაკენ გამექცნენ. მე “ლურჯა ცხენებით” გამოვედევნე, გალაკტიონის ცხენებით და რა თქმა უნდა, “ჭენებ-ჭენებით”...
ფიქრებმა უშნო შენობასთან მიმიყვანა. მშენებარე კორპუსის გვერდით, ბოგირებიან არხსადენში, ბინძური წყალი მიედინებოდა.
ვიღაც იჯდა იმ ბოგირზე, ის ვიღაც მე ვიყავი.
სულსა და აზრებს მიფორიაქებს ღამე, რომელმაც სულახლახან გააშავა დღე. ვფიქრობ და ფიქრითვე ვეწინააღმდეგები ჩემს ნაფიქრალს.
22 წლის ვარ... დაღლილი სიზმრად ნანახი საშინელებისაგან. მძულს დაძინება! ცნობიერი თუ არაცნობიერი ცხოვრების, სიზმრისეული გამოხატულებაც მძულს. მძულს, 1998 წლის 21 დეკემბერს ნანახი სიზმარი... მძულს სიზმრების მეგზური, ფორთოხლისფერბეწვიანი კატა.
ბოგირებს იქეთ, უკვე გააბაცა ღამე ახლად ამოწვერილმა ცეცხლის ბურთმა. მე კი ოცდამეორე სიგარეტი ჩავწვი. ისევ მიფორიაქებს ფიქრებს აზრი, რომ რაღაც უცნაური ხდება ჩემ თავს.
ხუთი დღეა არ მინახიხარ და იცი, მომენატრე კიდეც! უნდა მძულდე, მაგრამ მომენატრე! ო, მომენატრე!..
მარტოს მსურდა მეფიქრა ყველაფერზე, სულ მარტოს მინდოდა მომეწია სიგარეტი, მარტოს მსურდა საუბარი არარსებულთან. მსურდა მარტოს გადამეფურცლა წარსულის ფურცლები, მარტოს, ხმამაღლა წამეკითხა ის რაც აქამდე დამიწერია. მეპოვა ირეალურ სამყაროში არსებული რესტორანი, სადაც ჩემდაუნებურად პირველად გიგემე. მეპოვა ულვაშა მზარეული და ყველაფრის საზღაურად, უემოციოდ, აუღელვებლად ამეკუწა ის. ჩემი ცხოვრების გამო, შენს გამოც და საზიზღარი დღეების გამოც. Mმაგრამ არ ვიცი Qქალაქი, ქვეყანა ან ქუჩა სადაც შეიძლება იყოს ის რესტორანი...



სიზმარი I. 1998 წლის 21 დეკემბერი.

რია-რია.

მე და ჩემი სამი მეგობარი რესტორანში ვართ. მიმტანს რატომღაც 130 ხინკალი შევუკვეთეთ... არა წყალი, არა ლიმონათი, არა ლუდი... ვგრძნობ, უფრო მწყურია ვიდრე მშია.
ვჭამდით, ვჭამდით..
ვიგრძენი, როგორ ამტკივდა მუცელი ამდენი ცომისგან.
მწყურია...
ერთი ღერი სიგარეტი ოთხივემ გავინაწილეთ.
ბრახუნი!!!
ჩვენ კუპეში მზარეული შემოვიდა. სისხლით დასვრილი, უნიფორმანი, ულვაშა მზარეული... ხელში ფორთოხლისფერი კატის ბეწვი ეჭირა. კატის ფაფუკი ბეწვი ჩვენს ნასუფრელზე დააგდო და თქვა:
_ მართალია,ფილომენა კარგი, ჭკვიანი ცხოველი იყო, მაგრამ ასეთი ძვირფასი სტუმრებისათვის, საკუთარი ხორცისაგანაც კი მოვახვევ ხინკალს.
ფაფუკი ფილომენას ნარჩენებმა მუცელში რია-რია ატეხეს. ვიგრძენი, როგორ გაცოცხლდა ჩემში კატა.
მზარეულმა ხინკლად ქცეული ფილომენას ხსოვნის დალია ჯიბის ბოთლიდან ჩამოსხმული არყით და გავიდა. მაშინღა შევხედე ჩემ სამ მეგზურს, მათშიც ფართხალებდა ფილო.
გამომეღვიძა.
ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვიყავი, რომ სიზმრად ნანახი ფორთოხლისფერი ფილომენა, ჩემს ცნობიერ თუ არაცნობიერ სიზმარშივე ჩავაძაღლე.


სიზმარი II. 22 დეკემბერი.
ვიზიტი.

დღეს ჩემი სახლი მესიზმრა. მარტო ვარ. სახლში ყველა ნათურა გადამწვარია. ჩემი დის სანთელი ავანთე. სანთელმა ოდნავ გაანათა ბნელი და ჩახუთული ოთახი. დავეძებ ჩემ შვილსა და ცოლს... ვეძახი, მაგრამ ორივე ოთახში სიჩუმე დგას, სიცარელე. ტელეფონი რეკავს. უცნობი ქალის ხმამ მამცნო, რომ დღეს ჩემი დეიდა და დეიდაშვილები კანადიდან ჩამოფრინდებიან. 5 წუთის შემდეგ თვით დეიდა რეკავს და უცნობის ნათქვამს მიდასტურებს. მთხოვს, მემუდარება, რომ აეროპორტში დავხვდე. Kკიდევ მესაუბრება ვიღაც ილიას გარდაცვალებაზე და მპირდება, რომ ყველაფერს მეტყვის. მე ვერაფერს ვხვდები და ვჩუმდები. Oოდნავი დუმილის შემდეგ, ვკითხულობ ვინაა ილია? და ამ დროს მილი ითიშება.
ოთახში შემობრუნებულს, ყველა ელექტრო ნათურა ანთებული მხვდება. კიდევ ვიღაც თეთრ ზეწარ მოსხმული. მასთან სექსი მაქვს და ორგაზმამდე 2 წამით ადრე მეღვიძება.




სიზმარი III.
“levi strauss”-ები.

უსაყვარლესმა ხელებმა შეხსნეს ჩემი ქამრის ბალთა. ხაოიანი ენით შეეხო ჩემს ენას მისი ენა.
აღმაგზნო.
ქამარს ხელი გაუშვა და ჩემი “levi strauss”-ები იატაკზე დავარდა. გავიხადე ფეხსაცმელები და თეძოზე ხელი შემოვხვიე თეთრზეწრიან სტუმარს. მივიწებე სხეულზე, ავლოკე მისი ღაწვები, ბაგეებს შუა მოვაქციე მისი ყურის ნიჟარა და ამოსუნთქვას გრძნობით სავსე ჰაერის გუნდა ამოვაყოლე. ხელით დავზილე მისი ბოქვენის ძვალი, უკვე ვეღარ ვაშორებდი ჩემ ტუჩებს მისას. ვგრძნობ, როგორ გროვდება ყველაფერი ჩემს ფეხებს შუა.
ზეწრიანი სტუმრის ვიზიტით დაქანცულს, სიზმრიდან უცხო ხმამ გამომაღვიძა. ძენძდა ჩემ ჯინსებს ფილომენა, ჩემი გარდერობის საუკეთესო შერვალს აფუჭებდა. ვერ მივხვდი რა მიწყინა, რატომ არ ესმოდა ჩემი თხოვნა, თავი დაენებებინა შარვალისთვის. წამით შემომანათა ეჭვით სავსე ფოსფორის ფერი თვალები კატამ და ოთახიდან გავიდა. ვგრძნობდი სასიამოვნო არომატს სხეულსა და ტუჩებზე. ალბათ სტუმარმა დამიტოვა, გამოღვიძებულს წუხანდელი ღამე, რომ არ დამვიწყებოდა.




სიზმარი IV.

ბეღურა.

ნაცრისფერი მესერი, ნისლი. მხოლოდ მე ვარ მესერსა და მესერს შორის და წინ მივდივარ. გზად აგრესიული ფილომენა მხვდება. აგრესიული, ალბათ იმიტომ, რომ დაქუცმაცება ვერ მაპატია. ფილოს კლანჭებით ბეღურა ყავს დაჭერილი და მიათრევს მესერებს გადაღმა. შველას მთხოვს ცალფრთიანი ფრინველი. მეც, შეძლებისდაგვარად ვცდილობ დახმარებას. ფეხს მუვუქნევ ფილომენას, და უფრო მეტად და მეტად იმატებს ჩემდამი მისი აგრესია. ჩემსკენ იწევს, რაღაც საშინელ ხმაზე მიკივის, მკაწრავს და კლანჭებით ჩემი შარვლის ტოტს ეკიდება. წამით თავს მანებებს და უბრუნდება ნახევრად შეჭმულ ფრინველს. აგრესიული ფილომენა ჩემი ქვედა კიდურის ჭამას იწყებს. მთელი სხეული მტკივა. კატა ხორცს გლეჯს, უკვე მუხლამდე შეჭამა ჩემი მარჯვენა ფეხი. საიდანღაც მოფრენილ ბუს ბეღურა მიჰყავს, მე კი ცალფეხას მეღვიძება.
საბნის შიგნით სისხლს ვეძებ, მეშინია აგრესიული ცხოველის. ალბათ სიზმრიდან გამომყვა და იმიტომ.



სიზმარი V.
“diablo-2”

ხელის გულზე რომ ციცინათელა ნათებას მინელებს, სწორედ ასეთ ციცინათელას გავდა ღამით თბილისი, ქართლის დედიდან. ვისაც ოდესმე მომუჭულ ხელებში მოუქცევია ციმციმა მატლი, ის აუცილებლად მიხვდება ახლა რასაც ვამბობ.
ჩემთან ერთად, აივნის მოაჯირზე ღამე გადაკიდებულიყო და ქალაქს ჩემსავით დაჰყურებდა. მესმოდა, მერიის საათი თბილისოს როგორ მღეროდა. თავისუფლების მოედანზე წმ. გიორგის, ოქროსფერი მონუმენტი ბრდღვიალებდა. მციოდა მარჯვენა ფეხზე. ფეხი მქონდა, მაგრამ ტოტი აღარ ქონდა ჩემ ლევისებს. იანვრის გამოც მციოდა.
ბოტანიკურ ბაღში კუზიანი მთა იდგა, ჩემ ზურგსუკან კი ჩემი “დიაბლო-2”. საიდანღაც მოსული ფილომენა, მანქანის უკანა საბურავს აეტმასნა. დაყნოსა ჯერ ისევ ცხელი რეზინი და ჩემსკენ წამოვიდა. მოსეირნობდა, ეგლისებოდა იქ ჩამწკრივებულ ბუჩქებს და დროდადრო მისი ჩრდილი, მოჩვენებას ემსგავსებოდა. მოვიდა ფილო და აკრუტუნდა. მალევე მიმანება თავი და სიბნელეში დაიკარგა ფორთოხლისფერბეწვიანი კატა.
მთვარეს ნახევარი ცა დაუკავებია და გაბატონებულა. მას ღრუბელი მოუახლოვდა. თითქოს ოდნავ გააბაცა ცეცხლოვანი ბურთი და მთვარე ქალად იქცა. ქალმა ღრუბლისაგან მოქსოვილი კაბა გადაიცვა და აცეკვდა. ცეკვისას ღრუბელს-ღრუბელი შეენაცვლა და ღამის მოცეკვავეს თავზე რქა ამოეზარდა... წინა კბილები ჩამოეზარდა, დაბერდა, საზარელი სანახავი გახდა კაბარეს მოცეკვავე. და დროდადრო, ციცინათელამ მეტად და მეტად მიანელა ნათება.


სიზმარი VI.
ჰალუცინოგენი

დღეს ჩემი ბავშვობის მეგობრები მესიზმრნენ. ვითომ ჩემთან სტუმრად მოვიდნენ. მოვილხინეთ, ვსვით, ვჭამეთ და გრილი ჰაერისთვის აივანზე გავედით. რადგან ჩემი აივანი მერვე სართულზეა, სიმაღლის შიშით შეპყრობილ ერთ-ერთ ძმაკაცს “იზმენა” აეკიდა და სახლში შებრუნდა. მეორე მეგობარმა _ ჯიბიდან გაცრეცილი გაზეთი ამოიღო, რომელიც დაჭმუჭნულს უფრო გავდა, ვიდრე დაკეცილს. ქაღალდი გახსნა და იქედან მარიხუანას ფოთლები ამოალაგა... შემდეგ, ხმელი ფოთლების ხელის გულზე დაფხვნა დაიწყო. ტკბილ ჰალლუცინოგენს, ჩემი სიგარეტის ღერიდან გამოცლილი თუთუნი აურია და დაფხვნილი მასა ჩემსავე სიგარეტში ჩააბრუნა. ფილტრი შეუცვალა, ენით დაასველა და გაუკიდა. ჰაშიშის სიმწრის გამო ხველა ამიტყდა. გავიფიქრე, ნუთუ თუთუნი დააკლდა – მეთქი. ვარტყამდი ნაფასებს და ხველა უფრო მიხშირდებოდა. ვიგრძენი, როგორ გამაბრუა ბალახმა. როგორ შეანელა ჩემი საუბრის მანერა, სუნთქვა, მიმიკა... როგორ დაახშო სმენა და თითი ვიღაცამ ატრაქციონის ღილაკს როგორ მიაჭირა.



სიზმარი VII.
პავილიონი.

ატრაქციონების პარკში შემოდგომის უკანასკნელი დღე იდგა.
ციოდა.
ბნელოდა.
დუმდა.
ჭრელ მესერებზე ზურგით მიყრდნობილი ხალხის ხმაც არ ისმოდა. ძველი ატრაქციონი ტრიალებდა, ჭრიალებდა... ჯიბეები მოვიქექე და შიგნით 30 თეთრი ვიპოვე. მივუახლოვდი ერთ-ერთ პავილიონს, აბრაზე ეწერა:
“სულების პარკი”. ეშმაკის ბორბლის ყველა კალათაში, მკვდრები ისხდნენ. ზოგი ძველი და ზოგი ახალი. პავილიონში ბილეთების გამყიდველ ქალს, ხმელი ხელები და მიწიანი თმა ჰქონდა. ხმელი იყო ყვავილებიც, ნაცრისფერ სახიან ახალგაზრდა ქალს მუხლებზე რომ ეწყო. ყარდა ქალის ფეხებთან წამოწოლილი კატა და ჟანგიანი ატრაქციონი ტრიალებდა. ხის საქანელაზე არყისფერი საღამო იჯდა და ძალიან ნელა, ნელა ირწეოდა.
ვატყობდი, რომ ზედმეტად იყო ჩემი თმა გაზდილი. მიკვირდა ჩემი ჩაცმულობის გამო, სიცივის გამოც. მიკვირდა, ტახტი რომელზეც წამოწოლილი ვიყავი, რატომ გავდა ასე ძალიან კუბოს...



სიზმარი VIII.
გალაკტიონი

პოეზიის საღამოზე სტუმრად მოვხვდი, ოღონდ საიქიოს. ოთახში ბჟუტავდა ფითილიანი ლამპა. ხის დაბალ მაგიდაზე ღვინით სავსე დოქი და 3 ჭიქა იდგა. იქ დამხვდა ყველა ჩემი საყვარელი მწერალი და პოეტი. იქ იყო ვაჟა, გრანელი, ჰაფეზი, ჰაიამი, რაინერ-მარია რილკე, ბულგაკოვი... აქ იყვნენ კოელიო და დიბისი პიერიც. მე კი ვაცეცებდი თვალებს და მას დავეძებდი. სიგარეტის კვამლის პატარ-პატარა ღრუბლები ადგილ-ადგილ ეკიდა.მე მას ვეძებდი, ვეძახდი…...
ვაჟას არწივს ბურდღა ცვიოდა და ტანზე ჰქონდა სუდარა გარდაცვლილ ჰაფეზს შემოხეული. ისევ მოჩვენებას გავდა გრანელისეული ღამე და მექოთნე ვინმე ისევ ფეხით ზელდა მიწას. სისხლით დაატარებდა გრძნობებს რილკე, ეძებდნენ მარგარიტას და ეშმაკთან დაზავებულ ქალბატონ პრიმს. ოთახის ბნელ კუთხეში კი ასამართლებდნენ ჩემს მეგობარ, ვერნონ გრეგორი ლითლს.
”ორხიდეების მწყობრად იდგა მუქი შლეიფი” კვამლი ასდიოდა ჩილიმს და ძლივს ჩანდა “მარმარილოს თლილ კიბეზე” ჩამომჯდარი, ჩემი გალაკტიონი. ის მარჯვენა ხელის თითებს აფათურებდა, აკრუტუნებული ფორთოხლისფერი კატის ბეწვში და პაპიროსს ეწეოდა.



სიზმარი IX.
ტალახი.

ჩემთვის უცნობი ადამიანების ქორწილის სუფასთან, თამადის გვერდით ვიჯექი. მე მერიქიფე ვიყავი. არ ვიცი რატომ, მაგრამ დოქების შესავსებად ბნელ ოთახში გავედი. მოხუცმა, წელში მოხრილმა დედაბერმა, სანთელი აანთო, წითელი ფერის ჩამჩა მომაწოდა და მითხრა, რომ ღვინთ ამევსო თიხის ორივე სასმისი. მოხუცის გამხმარ ხელებში მოკალათებულმა ფილომენამ ირონიულად შემომხედა. ბებო ოთახიდან გავიდა.
თუჯის ჭურჭელში ჩასხმული ტალახის, დოქებში გადმოსხმა დავიწყე. მიკვირდა, ღვინის მაგივრად აყროლებული, ბინძური ტალახით რომ ვავსებდი დოქებს. მრცხვენოდა სუფრასთან დაბრუნების, არ ვიცოდი რა მეთქვა მეფე-პატარძლისათვის.
დავუბრუნდი კამპანიას.
ველოდი რას იტყოდა ის, ვისაც პირველს ჩემოვუსხავდი ტალახს. დავიწყე სასმისების შევსება და ჩემდა გასაკვირად, ტალახით სავსე დოქიდან სისხლის ფერი ღვინო გადმოისხა.
სუფრიდან უცებ ჩემ სახლში მოვხვდი, და იცით ვინ დამხვდა იქ? დეიდა და დეიდაშვილები. ისინი, 22 დეკემბერს რომ უნდა დავხვედროდი აეროპორტში. ჩემმა იდუმალმა სტუმარმა, გადამავიწყა მათი თავი. გადავეხვიე მათ, მოვუბოდიშე. ვკითხე: უკან ხომ აღარ წახვალთ მეთქი? თებერვლამდე არაო მიპასუხეს. ვკითხე ილიაზეც, მაგრამ პასუხამდე გამომეღვიძა.
დილის თერთმეტი საათი იქნებოდა.
გარეთ თოვდა.
ისე უბრალოდ,
უემოციოდ,
აუღელვებლად.
იმ დღეს, დილით ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ სიზმარში კატა ნახა. კატა ზედმეტად ქალური, ალერსიანი და ნაზი ყოფილა. დროდადრო ვნებიან ქალს გავდა და დროდადრო ველურ ცხოველს ემსგავსებოდა თურმე. კატას მეგობრისთვის უთქვამს, რომ მე ვუყვარდი და ჩემთვის მზად იყო მომკვდარიყო კიდეც. სოსომ დამცინა. შე ჩემა კატის სიყვარულიღა გეკლდა, ისე ხო ხარ დალაგებულიო მითხრა და ჩემმა დუმილმა ოდნავ დააფიქრა.






უსიზმრო ღამე.











უსიზმრო ღამე.










უსიზმრო ღამე.











სიზმარი X.

suzi..

თითი დავაჭირე “CD player”-ის ღილაკს და კომპოზიცია შევცვალე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბავშვობიდან ისმის ნაცნობი მელოდია. გრძნობები და მოგონებები მუსიკის რითმებთან ერთად ფორიაქობენ. მე მენატრება ჩემი დის სათამაშო დათვი _ ლორა, ჩემი ყვითელი სატვირთო და სილა, რომელიც ჩვენ ეზოში ახლაც ყრია. ჩემს ზურგს უკან საღამოა. ფეხებთან კრუტუნებს ფილო, და ჩვენს წინ უამრავი ყვავი მიმოდის. ღამე უკვე ჩემს წინაც ჩამოდგა და “suzi qwatro”-”-მ, უკვე მესამედ იმღერა “stumblin’ in”.
კატა არცერთ ყვავს არ ერჩის. დროდადრო ალერსიანი, ფოსფორისფერი თვალებით ამომხედავს და ისევ აგრძელებს კრუტუნს.
ფილო აღარ მმტრობს.
უამრავ ყვავს შორის, ოქროსფერი მტრედი გამოჩნდა და გააქტიურდა ჩემი ფილომენა. ფრინველი ისეთი ლამაზია, რომ “ყვა” აღარ ისმის. შავებიც მას ჩემსავით მიჩერებიან. კატა ერთ ნახტომს აკეთებს. მე მხოლოდ ოქროსფერ ბუმბულსა, და ყვავებისაგან გაშავებულ ზეცას ვხედავ. უკვე დამხრჩვალი მტრედი მიატოვა ფილომენამ და მომიახლოვდა. ფეხებთან ახლადშობილი ბავშვის სკალპი დამიგდო, აგრესიული, საზიზღარი თვალებით ამომხედა და გაბრუნდა. მივხვდი, რომ ჩემდაუნებური დაქუცმაცება, ჯერაც ვერ მაპატია ფილომ.
გამახსენდა, რომ ლორას, წითელი კუბოკრული კომბინიზონი ეცვა, ჩემ სატვირთოს კი საქარე მინაზე ეწერა _ “zil-22””.
გამთენიისას ჩემი მობილური ტელეფონის მაღვიძარამ გამომაღვიძა. ციმციმებდა მონიტორი და მღეროდა ,,suzi“.




სიზმარი XI.
საბანი.

ამჯერად ბავშვობის წლები მესიზმრა. ბუხართან Bბებია იჯდა ნემსით და ძაფით _ დროის ნაგლეჯებს კემსავდა. დედაჩემის ქორწინების კაბა, ჩემი და ჩემი დის ტანსაცმელი,
კვადრატის მსგავსად დაუჭრია და ერთმანეთს აკერებდა.
_ მოდი ნახე, ეს მოგონებების საბანი იქნება. დავიფარებ და წარსულიდან ყველაფერი გამახსენდება: ლხინიცა და ჭირიც, ავიცა და კეთილიც, ტკბილად და მწარედ მოსაგონებელსაც კი მომაგონებს დათო, ეს საბანი. აი ეს შენი პირველი სამოსია, ეს ჩემი ქორწინების კაბის ნაგლეჯია, უხალისო ფერია არა? _მკითხა ბებიამ, და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია კემსვა გააგრძელა. უკვე მომწონს კუბიკების ასეთი განლაგება. ვუყურებ დაჭრილ ნაჭრებს და ვერაფრით გამიხსენებია, რა არის ის ფორთოხლისფერი სამოსი? ნაკუწები შეირხა და იქედან საზიზღარი ფილომენა გამოძვრა. ფილო კნუტია, ამჯერად. ნაჭრებში გაეხვია კატა, აბურდა ძონძების გროვა. კუდზე გამობმულ ლორას, კუბოკრულ კომბინიზონს დასდევდა, კატა და კნაოდა. წარსულისა და აწმყოს გროვაში, ხელის ფათურით ეძებდა ბებო ლორას სამოსელს. უცებ კუდზე მიბნეულ ძონძს შეერწყა ფილო და თვითონაც ძონძად იქცა. სწორედ ის ნაგლეჯი მიაკერა ბებიამ ახლახან, მოგონებათა საბანს.
გაყინულმა სხეულმა გამომაღვიძა. იატაკზე ხელის ფათურით დავიწყე ჩემი საბნის ძებნა.





სიზმარი XII.

მექანიკური საათი.

სულ ერთი წამით გაჩერდება დრო... სულ ერთი წამით გული გამიჩერდება. ერთი წამით გავიყინები დროსთან ერთად და ერთ წამში გააგრძელებს დრო ათვლას. ის დრო, რომელიც ამასწინად ჩემს მაჯის საათში ჩავამწყვდიე.
ისევ გააგრძელა ყვითელ უნიფორმიანმა, უშნო ქალმა ქუჩის დაგვა. მტვერი აადინა ცხელსა და შემდეგ გაგრილებულ ასფალტს. გაგრილებულს, იმიტომ რომ ახლახანს გათენდა თბილისში.
იშვიათად მოძრაობს ავტომანქანა. ისიც ნაძვისხესავით მორთულ-მოციმციმე, საპატრულო პოლიციისაა. გვის მარჯანიშვილის მოედანზე ქალი ქუჩებს. ცოცხს და მტვერს ეთამაშება ფორთოხლისფერბეწვიანი კატა.
სანამ ქაოსი მოიცავს თბილისს, სანამ უამრავი ფეხი გაივლ-გამოივლის ამ ქუჩებზე, იქნებ კიდევ შეჩერდეს წამით დრო. მაგრამ, ჩემმა მექანიკურმა მაჯის საათმა ხომ სულ ახლახან დაიწყო, წამების ათვლა.









სიზმარი XIII.
ბებო.

კაი შემეშვი! რა გაბურღე შენი უაზრო ბოდიალით ტვინი!?
ისე საწყლად მითხრა შეგეშვებიო, ისეთი სევდით ამავსო მისმა სიტყვებმა, რომ ვერ აღვწერ.
ვინანე. ძალიან ვინანე, ჩემი საქციელის გამო.
რას აკეთებ შეჩემა!? ის ხომ ბებიაა შენი. ვის!?, ვის უყვირი, ვინც გაგზარდა? ეხ დავით, დავით!!!
ვიცი, განა არ ვიცი, რომ გიყვარს. მაგრამ, მომინდომე ძველ ბიჭობა, ქუჩური ჟარგონები. გიტყდება არა? ვინმემ ბებიას ბიჭი არ გიწოდოს.
კარგი შემეშვი, შენ იმაზე მბურღავი ხარ.
ვუთხარი არარსებულს და ოთახში შევედი. მე წამომყვა საწერი მაგიდის სკამზე მოკალათებული ფილომენაც.
Bბებო... ფრთხილად შევაღე ოთახის კარი. ვიფიქრე არ ეძინოს მეთქი და კიდევ დავუძახე. დუმილის შემდე კიდევ, ძალიან ჩუმად ვეძახდი...
მიმჯდარა კუთხეში ჩემი პატარა ბებო, სახეზე ისეთი ფერმკრთალი იყო, რომ ვიფიქრე, ქუჩიდან შემოსული სინათლე თუ ეცემა სახეზე. კარგი, ხომ მაპატიე მეთქი ვკითხე და მოვეხვიე. დუმილი.
ცოტახანს ვუყურე, ვუსმინე მის სუნთქვას. მინდოდა მეყვირა. ვნატრობდი მისი ხმის გაგონებას.
ავტირდი.
ჩემს ბინძურ ცრემლს მისი სახე დაესველებინა, მე კიდევ ვიფიქრე, რომ ისიც ტიროდა.
ფანჯრის რაფაზე იჯდა და ბნელ ქუჩას გაჰყურებდა, ფორთოხლისფერბეწვიანი კატა. ოთახში ვიდექით: დუმილი, სირცხვილი, სევდა, გვამი და მე.





სიზმარი XIV.
“Lacoste”.

საავადმყოფოს შენობაში, მეთორმეტე სართულზე, სავარაუდოდ უროლოგიის კაბინეტში, მე და ზეწრიანი ვართ. მას შიშველ სხეულს ჩემი “Lacoste”-ს მაისური უფარავს. უსარგებლო ნივთებს, სპორტულ ჩანთაში ვაწყობთ. ლანცეტებს, თიხისაგან მოზელილ ორგანოებს, საკანცელარიო ნივთებსა და კიდევ ათასგვარ სისულელეს.
მეშინოდა სიმაღლის, ვცახაცახებდი, მაგრამ მაინც მივუყვებოდი წვიმისაგან დასველებულ სახანძრო კიბეს, რომელიც საავადმყოფოს ყრუ კედელზე იყო მიჭედებული.
ძეწრიანმა მითხრა, რომ ჩენთა შენობაში დაგვრჩა და მთხოვა ავსულიყავი უსარგებლო ნივთების ჩამოსატანად.
შიშველი ვარ და მრცხვენია სიშიშვლის გამო. იმის გამოც მრცხვენია, რომ საავადმყოფოს ფოიეში უამრავი თვალი მე მომჩერებია. ჩემს გასაკვირად არაფერს მეუბნება დაცვის პოლიციელი, რომელიც კართან დგას. Lლიფტის ღილაკს თითი მივაჭირე და კაბინის კარი მეთორმეტე სართულზე გაიღო.
იყო რია-რია, უამრავი ატირებული პატარა ბავშვი, თეთრხალათიანებით სავსე დერეფნები და ჩარაზული უროლოგიის კაბინეტი. ექიმები უცხო ინფექციაზე საუბრობდნენ, რომელიც აქ მყოფ ბავშვებს, საიდანღაც მოსულმა ფორთოხლისფერბეწვიანმა კატამ გადასდო. ჯავშან ასხმული პოლიციელები ჩემს ფილომენას ეძებდნენ. უროლოგიის კაბინეტის ჩარაზულ კართან ზის ფილო, თვალებით შველას მთხოვს. შიშველ სხეულზე მიხუტებული მყავს კატა და გავრბივარ დათქმულ ადგილას, რომ თეთრზეწრიანს ვუამბო ყველაფერი. იმედი მაქს, რომ ახლა მაინც დავმეგობრდებით მე და Fფილომენა.
დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას მეღვიძება.










სიზმარი XV.
ფოტო გამოფენა.

ადგილი სადაც ამ სიზმარში ვარ, ძალიან ჰგავს ჩემს წარმოსახვაში წარმოდგენილ, `ბიბენ ალ მულუქის~ ველს. ველზე მოზომილ მიწის ნაკვეთებში, შავ მარმარილოზე ნამუშევარი ფოტოების გამოფენაა. მე და ჩემი ფილომენა, ერთერთ მოზომილ მიწაზე ვდგავართ. მე მიწას ნიჩბით ვთხრი, ფილომენა კი გამხმარ ფოთლებს ეთამაშება. აბურდა, ნართის გორგალს დაამსგავსა, ფოთლები კატამ. ნართის ერთი ბოლო ველზე შემოჭრილ ქარს გაატანა და ჩამოჯდა, არიადნესავით. შლიდა ქარი ფოთლების გორგალს, მე ვთხრიდი საფლავს. ოთხ კაცს მხრით მოჰქონდათ კუბო. ჩასასვენებელს უკან მოჰყვება გარდაცვლილის ჭირისუფალი. ზღვა ხალხში ვცნობ, დედაჩემის სახეს, ჩემს დას, ბებიას და განადგურებულ მამას. ცრემლიან თვალებს აცეცებს ჩემი პატარა და, მე კი ვგრძნობ, როგორ იბერება ჩემი საცრემლე ჯირკვლები და ინამება ქუთუთოები. მიწაყრილის გვერდით დადგეს სასახლე. Gგვამის სიგრძის ზომით თუ ვიმსჯელებ, მე 14-15 წლის გარდავცვლილვარ. Aახლახან ჩამოსცალეს, სატვირთო მანქანის საბარგულში ჩაყრილი ყვავილები, ჩემმა კლასელებმა. მამაჩემმა ბოლო ლურსმანი დააჭედა სასახლეს. დავიწყე მიწის ყრა, მე ჩემი თავის მესაფლავემ. Qქარი ისევ შლიდა ნართის გორგალს. ორმა უცნობმა ძლივს მომაცილა დაჩოქილი დედა.
ზის ფილომენა გორგალთან. ახლახან გაიტაცა ქარმა ნართის მეორე ბოლო და ატირდა არიადნე. მე ჩემს მიწაყრილზე ჩამოვჯექი და გულწრფელად, პატარა ბავშვით ავსლუკუნდი.
და შლიდა ნართის გორგალს ქარი..







სიზმარი XVI.
ვერხვები.

გაძარცვულივით მივუყვები, გაძარცვული ვერხვების ხეივანს. მივითრევ ერთ ფეხს, მეორე არ მაქვს, ის ხომ ფილომენამ მომაჭამა ამასწინად. მუხლამდე ნილი ჩამოცვენილ ფოთლებზე წევს. ხელში ნაჯახი მიჭირავს. სიარულისაგან ჩემზე მეტადაა დაღლილი ფილო. ჩემს ფეხს ეტმასნება და მომყვება. ჩამოწოლილ ნისლში ძლივს ვხედავ, რომ ფოთლებს ედება ჩემი ნაჯახი. გაშიშვლებულია ყველა ხე, ერთის გარდა. მეც და უკვე ჩემი მეგობარი ფილომენაც, ხეს მივუახლოვდით. სადღაც ქრება მოჩვენებითი მეგობრობა და ფილო მაიძულებს ხის მოჭრას. მეც დავიწყე მისი მოჭრა. ნაჯახის ამდენი მოქნევისაგან, მკლავები ამტკივდა. ყოველი ნაფოტის ამოგლეჯისას, ნაპრალებში ჩემი ნაცნობების სახეები ჩდება. მთხოვენ, მემუდარებიან, რომ აღარ დავკრა მყიფე რკინა. ფილო გაბოროტებულია, საშუალებას არ მაძლევს, რომ წამით მაინც შევისვენო. ჩემი ბავშვობის მეგობრის სახეს დავცხე ახლახან ნაჯახი. მოსდის სისხლი ვერხვს. წითლდება ფორთოხლისფერ ბეწვიანი კატა და ჩემი ჯინსების მარცხენა ტოტი.
ხეს ხელით ვუბიძგებ, ვცდილობ მის წაქცევას. მთელი ტანით ვარ ხეზე მიყრდნობილი.
მეღვიძება.
ხელებით საწოლის გვერდით მდგარ, გარდერობს ვაწვები, ოღონდ ვერ ვხვდები, რატომ.









სიზმარი XVII.
SMS

დროდადრო ისევ ემსგავსებოდა ფილომენას ჩრდილი მოჩვენებას. დროდადრო ვგრძნობდი, როგორ დაძვრებოდა ჩემში ფორთოხლისფერბეწვიანი კატა.
უკვე აღარ მღეროდა მერიის საათი თბილისოს, აღარც მონუმენტი აღარ ბრდღვიალებდა უწინდებურად. კაბარეს მოცეკვავეს აღარ ჰგავდა მთვარე. არც “diabli-2” მყავდა და აღარც იანვრის გამო აღარ მციოდა.
დროდადრო ციმციმებდა ჩემი მობილური ტელეფონის მონიტორი. უკვე მეექვსე sms- ი მოვიდა ზეწარმოსხმულისაგან. ახლა უკვე ბოტანიკურ ბაღში შლიდა ქარი ნართის გორგალს, გაძარცვული ვერხვების ხეივანიც აქ გაუშენებია ვიღაცას. ნერწყვით დასველებულ გაზეთის გრაგნილს, ცეცხლი გავუკიდე, მამაჩემის სანთებელით და მოვქაჩე ტკბილი ჰალუცინოგენის გამხმარი ფოთლები.
მე არა. ალბათ მოჩვენებად ქცეულმა ფილომენას ჩრდილმა მიაჭირა თითი, ატრაქციონის ღილაკს. აღარ ჭრიალებდა, ძველი ატრაქციონი. არც კალათებში აღარ ისხდნენ, მიცვალებულები და არც ბილეთებს აღარ ჰყიდდა ხმელ ხელება ქალი. არც საქანელა არ ირწეოდა უწინდებურად ნელა.
ვუყურებდი სპექტაკლს, რომელიც ჩემს ცხოვრებას აღწერდა. დროდადრო ბრახუნით ეხეთქებოდა, სცენის ბუტაფორიებს შავი ფარადა. არავინ და არაფერი არ გამაჩნდა ჩემში მოძრომიალე ფილომენას გარდა. არც ერთი თეთრი არ ჩხრიალებდა, ჩემი დახეული ლევისების ჯიბეში. არც ჩემი მეგობარი ვერნონ გრეგორი (გენიოს) ლითლი არ ჩანდა არსად. უპასუხო გზავნილები კი მემუდარებოდნენ, რომ ადრესატისათვის მეპასუხა.



სიზმარი XVIII.
სანთებელა და მოჩვენება ქალი.

მოჩვენებას ჰგავდა ის დაძონძილი ფარადა, რომელიც დედამ დღეს ჩამოკიდა, ჩემი საძინებლი ოთახის, ერთადერთ ფანჯარაზე. სიცივისაგან კისერთან მოვიკუნჭე საბანი და ფართოდ გახელილი თვალებით მივაჩერდი მოძრავ ფარადს. ყვავილებით ნაქარგი ფარადა, ოდნავ შეირხა. შემდეგ ღია ფანჯარაში, თმაგაწეწილი, ხმელი პირისახის დედაბერი გამოჩნდა. თხელი ტანი, ჩემი ფარდასავით დაძონძილი კაბით ჰქონდა შემოსილი. Qქალმა საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიიბჯინა, ნიშნად იმისა, რომ ჩუმად ვყოფილიყავი. და ასე შემოძვრა ჩემს საძინებელში, თმაგაწეწილი.
მოხუცი ჩემს ლოგინზე ჩამოჯდა და მითხრა:
_ რატომ იქურდე დღეს დათო?
_ მე.. მე.. მე?
_ ხო შენ პატარა, შენ.
_ იცი დეიდა, მე არ ვიცი, აი ახლავე დავაბრუნებ ნაქუდალს, ოღონდ ლორა და ჩემი სატვირთო არ წაიღოთ და დავაბრუნებ, დავაბრუნებ. დედას გეფიცები დავაბრუნებ.
_ ხო სწორად მიმიხვდი ჩემო პატარა, თუ მამას სანთებელას არ დაუბრუნებ, მე ლორასა და სატვირთოს მოგპარავ?
ვტირი.
იცი დეიდა, ჩემ დას ძალიან, ძალიან, ძალიან უყვარს ლორა.
_ ვიცი. და ისიც ვიცი, მამაშენისათვის რამდენს ნიშნავს ეგ სანთებელა.
_ დეიდა, გეხვეწები, აი ყელს გიწევ ისე გეხვეწები, გადაძვერი რა უკან? გთხოვ.?!
მოჩვენებად მოსულ სტუმარს გაეცინა, მე კი ბალიშის ქვეშ დამამალული, მამაჩემის სანთებელა გავუწოდე. მოხუცი წამოდგა. ნელი ნაბიჯით ფანჯარას მიუახლოვდა და გაუჩინარდა.
უკვე აღარ ირხეოდა დაძონძილი ფარადა. ვერცხლის მართკუთხა ფორმის სანთებელის ერთ მხარეს, მწევრები და მონადირე იყო ამოტვიფრული. მეორე მხარეს კი ეწერა `სახსოვრად მამისაგან~.
გარდაცვლილი ბაბუის სახსოვარ სანთებელას, მამა ისევ ეძებდა საწერი მაგიდის უჯრაში. ფიქრით მოჩვენება ქალს შევპირდი, რომ ხვალ აუცილებლად დავაბრუნებდი ნაქურდალს.
ალბათ ფილოც შეაშინა თმაგაწეწილმა და იმიტომ მოკალათდა ჩემ ფეხებთან.




სიზმარი XVIIII.
ხაკისფერქურთუკიანი ძუკნა.


ულტრაიისფერი ფარნით ეძებს სისხლის კვალს ჩემს ოთახში, ექსპერტ-კრიმინალისტი. ფოტოაპარატს აჩხაკუნებს ხაკისფერქურთუკიანი პოლიციელი ქალი. მისაღებ ოთახში დროდადრო მწყობრიდან გამოსული ჭაღის, 22-ე ნათურა ენთება. დაბალ ხის მაგიდაზე, ჩემი ფოტოებით სავსე, ჟურნალ-გაზეთები ყრია. ოთახში იატაკზე აგდია ჩემი ჯინსები.
დავინახე როგორ ამოიღო ჩემი შარვლის ჯიბიდან მამაჩემის სანთებელა, ხაკისფერქურთუკიანმა ძუკნამ. ქალმა მიმოიხედა და სანთებელა ჯიბეში ჩაიდო.
სიბნელეში ყრია ჩემი დაქუცმაცებული სხეულის ნაწილები. მიქსერით გათქვეფილს ვგევარ. ვერ ვცნობ ჩემ ადგილსამყოფელს. ქალს ალბათ შერცხვა და იმიტომ დადო სანთებელა საწერ მაგიდაზე.
ძველ როიალზე დგას ჩემი დის სანთელი, ჩემი სხეულის ნაწილები, სიბნელეში, უჰაერობაში და სიმჟავეში ყრია. ძალიან დიდმუცელა კატა კი, აივნიდან გადაჰყურებს ქალაქს.













სიზმარი XX.

სასაკლაო.

არ ვიცი, ალბათ იმიტომ მივუყვებოდი კიბეს ასე სწრაფად, რომ სევდიანი იყო ჩემი ფილომენა, რომელიც ჩემთან ერთად მოუყვებოდა ქვის თლილ საფეხურებს.
ხშირად ვცვლიდი კომპოზიციას “cd player”-ში. მბჟუტავი ლამპიონები კიბეს, ადგილ-ადგილ ანათებდნენ. მტკიოდა მუხლები სიარულისაგან, უკვე 1008-ე საფეხურზე ავაბიჯეთ მე და ფილომენამ. ველზე, რომელიც ღამეზე იწვა, ფიცრისაგან აწყობილი სასაკლაო იდგა. უკანასკნელ საფეხურთან შეჩერდა კატა და ამომხედა. უფრო მეტად გაუფართოვდა სევდიანი, ყვითელი თვალები ფილომენას და ატირდა. ზანტად ჩამოწოლილი დუმილის შემდეგ, მარყუჟი კისერზე მოვირგე.
ქვის კიბეზე ჩამოსვენებულიყო ღამე და მთებზე, რომლებიც ველს გადაღმა იდგნენ, თეთრი გრადაცია იწვა. ადგილ-ადგილ ბაცდებოდა ღამე და მეჩვენებოდნენ: დედაჩემი, ცოლშვილი, ჩემი და, ბებია მამა, მეგობრები და დეიდა. შემდეგ ისევ ღამდებოდა გაბაცებულ ადგილებში და ჩემებიც ქრებოდნენ. ვხედავდი, როგორ ამორბოდა კიბეზე ზეწრიანი. მესმოდა როგორ სლუკუნებდა ფილომენა და ვგრძნობდი, როგორ ცახცახებდნენ ჩემი ხელები.
არ ვიცი, ალბათ იმიტო

კომენტარები