გამარჯობა. მე ვარ გრეტა

გამარჯობა. მე ვარ თითქმის 90-ს მიღწეული და გრეტა მქვია. გრეტა ჩემს დიდ ბებიას ერქვა. ბოზი იყოო, დიდი გრეტა.
12 ნახევარი შვილი ჰყოლია. 6- ს სხვადასხვა მამა.
გრეტა 13 წლისა მოუტაცია ბაბუაჩემს. მკლავის სისხო თმის ნაწნავი ჰქონია წელზე მოგდებული და იმ ნაწნავით აუთრევია ცხენზე გრეტა ბებია.
37 - ში გარდაცვლილა მისი პირველი ქმარი.
მე პორტრეტებს ვწმენდ. პროფესიაა ასეთი ამ საუკუნეში. განსაკუთრებული მოვლა სჭირდება ყველა ფოტოს, ყველა გარდაცვლილს ამ ოთახის, თუნდაც აღმოსავლეთის კედელზე გამოფენილს.

მე ვარ გრეტა.
ა, ეს უკვე გითხარით და ისიც, რომ 90 -ის ვხვდები. სწორედ ამიტომ მეპატიება დროდადრო განმეორემა უკვე ნაამბობის.
ზანდუკელის 7 ნომერში ვცოვრობ.
ვერელ მესუდრეს მეძახიან მეზობლები, ფულის გამო არასდროს, მაგრამ მიყვარს პროცესიებზე სიარული და ხმის გაქრობამდე ტირილი მკვდრის.
უკვე რამდენი მუჭი მიწა მივაყარე ჩემი ქუჩის , თითქმის 4 თაობას - ვინ დათვლის.
მერე მათ პორტრეტებსაც მე ვუვლი, შავ მარმარილოზე გაკრული ხელით ნამუშევარ პორტრეტებს.

ჰო, მე გრეტა ვარ და დამავიწყდა მეთქვა, რომ ვერის სასაფლაოზე ვმუშაობ მესაფლავედ.
ერთი არყის ჭიქა ძმარი. ერთი ჭიქაც სუფთა სპირტი და ზეთი. მარმარილოს ამ ნაზავით ვაპრიალებ.

მე გრეტა ვარ. 80-ს გადაცილებული დედაბერი და დროდადრო საშინლად მინდება 39 წლის აგვისტო იდგეს.


ცხელოდა. რძისფერი იყო ცა და დუღდა დასავლეთით მოგროვილი ღრუბლების ერთობლიობა.
ჩვენი სოფლის თავში ხიდი დგას. მისი მშენებლობა უხსოვარ დროს შეწყდა. მეტალის კონსტრუქციის ერთ მხარეს ჩავოვჯექი, ფეხები გადავყარე ქვევით რელსებისკენ და დაველოდე ელმავალს.

ჩუ... ჩუ... ჩუუუუუუუუუუუუ და ჭავლი დამიტოვა, განცდაც გაქცევის.
ხვალ გადავხტები მეთქი ვთქვი. ხვალ დილის რეისი გაივლის გათენებისას და...

მატარებელი ბინძურ საგდურში გაჩერდა. თევზის სუნად ყარდნენ კედლები და ცა იყო ჩემს წარმოსახვაში არსებული სადგურის ფერი. ჩამოვხტი უკანასკნელი ვაგონის სახურავიდან. მარჯვენა წვივი მტკივა და მტევანი მარცხენა ხელის.
სადგურში დავიწყე მუშაობა, ფაჯრების მწმენდავად. ღამით, დარლა მე და დორა ვიძინებდით ერთად ნაქირავებ ოთახში. დარლა რკინიგზის სადგურის გაჩერებაზე მუშაობდა. დორა მკითხავი იყო. რქაწითელის ფერი თუთიყუში ჰყავდა, სახელად მერი.
მერე -
ამ ქალაქში ჩემი პირველი მეგობრები პოლიციამ დააპატიმრა. სადგურის საწყობის მეთვალყურე გაბრიელი სდებდა ბრალს ძარცვაში. ჩვენებაში წერდა, რომ: დაინახა ორი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და ერთი თუთიყუში.
- შევიდნენ ალაყაფის კარში და იქიდან, სავსე ტომრებით გამოვიდნენ. ტყუოდა გაბრიელი.
მერი მოკვდა. გალიაში არ მჯდარა არასდროს მე კი მთვარისფერი გალია ვუყიდე იმ თვის დანაზოგით. მთვარე მისი ბუმბულის ფერი იყო და იმიტომ, მთვარის ფერი.

ნაქირავები ოთახიდან დიდძუძუებიანმა დიასახლისმა, 39 წლის ივლისის დასასრულს გამაგდო. ერთი კუბოკრული ბოხჩა მქონდა და ბოხჩაში უამრავი ხარახურა. დარლას ფერუმარილი, თმის პარიკები და მისი ერთადერთი კაბა, ბალახისფერი. დორას ბანქო და ყავისფერი ზარდახშა უგასაღებოდ.
მკერდი როგორც იქნა ჩავტენე კაბის ღია გულში. მისი სიგრძე დაიკარგა ჩემს წვივებთან. ჩალისფერი თმის ბურდღა დავიდე თავზე და ო, რამდენი საღებავით ავზილე ჩემი სახე. სამრეცხაოში მიმიღეს არ ვიცი კაბის თუ ჩემი სასაცილო მაკიაჟის გამო.
ჩემს თანასოფლელს შევხვდი. ფარული სურვილებით დასვრილი ტრუსების სავსე კალატით ხელში მნახა, სამრეცხაოს ფოიეში. დედაშენი მოკვდაო. ძაღლიცო.
ჩუ, ჩუ, ჩუუუუუუ...

და ჩაირა საუკუნემ.
ყავისფერი ზარდახშა გავხსენი 8 ნახევარი წლის შემდეგ.
ცარიელი იყო. მის შიდა კედლებზე ეწერა:
”სიკვდილი მოუღებს ბოლოს, მას ვინც ზარდახშის მეპატრონეს აუგად მოექცევა”
რამდენი თაობა დავმარხე უბნის. რამდენი მამაკაცი ჩემი სარეცელის დროებითი მეწილე და რამდენ დღე-ღამეს მივაყარე ოფლიანი ხელისგულებით მიწა.

მე გრეტა ვარ. 87 წლის. ზანდუკელის შვიდ ნომერში ვცხოვრობ. ქალაქის პროზექტურაში ვმუშაობ უკანსკნელი ერთი საუკუნეა, უფროსი ექსპერტის (გვამების მფატრავის) თანამდებობაზე.

მე გრეტა ვარ.
გრეტა გრეის გარსია ანტონია ლორკა. დიდი ფედერიკო გარსია ლორკას დედა.
მე ვარ გრეტა დამიანი.
გრეტა გრეისი.
მე ვარ ალკოჰოლიკი და დროდადრო თეთრი ციება მემართება.
დედაჩემი ამბობს, რომ შეურაცხადი ვხდები. დედაჩემი იმასაც ამბობს, რომ ჩემი შეტევის დროს ყველაზე მეტად უნდება სიკვდილი.

გამარჯობა. მე ვარ გრეტა და მე ლოთი ვარ.

კომენტარები