კალანდაძე  ანა

მკვდართა მზე ვარ. . .

ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები. . .
კორჩიოტას, კორჩიოტას თესლი გალხვა,
ორთქლად მიდის ნესტიანი სუნთქვა მიწის;
ნაკადულის სიმღერებში სძინავს ღალღას. . .
ლხენით ვისმენ ბეღურების წივ-წივ, წივ-წივს. . .
ამოდიან, ბალახების სუნთქვა მესმის,
მაგრამ. . . მაინც გული რისად მეხურება?
ვარდის ტოტზე შერჩენილი ხმელი თესლი
აკენკეს და გაიტაცეს ბეღურებმა. . .
ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები. . .

კომენტარები