კალანდაძე  ანა

(შუაფხოველი ხევისბერის...)

შუაფხოველი ხევისბერის
ბიჭურ ბადრიაშვილის ხსოვნას
იახსარს დგახარ და თავდახრილი
ბუბუნებ კრძალვით:
- დასწერე ჯვარი ანთებულ სანთელს,
დასწერე ჯვარი!
გვფინე მშვიდობა, მოგვეც წინაპართ
სიმხნე და ძალი...
დასწერე ჯვარი ანთებულ სანთელს,
დასწერე ჯვარი!
შეგვედრებ წმინდას ჩვენს საქართველოს,
შეგვედრებ წმინდას,
მის წმინდა სისხლი... საკლავთ სისხლივით
ნურასდროს იდენს!
წმინდა გორს დგახარ,
წმინდა იფნებთან,
ბუბუნებ კრძალვით:
- დასწერე ჯვარი ანთებულ სანთელს,
დასწერე ჯვარი!
1980

კომენტარები