კალანდაძე  ანა

ყაყაჩოსა სიწითლითა

ფრთაგაშლილი მთები არი,
სხივგაშლილი სერებია...
არ ჩურჩულებს ლელიანი, -
გული შეუჯერებია...
აქ კორდია მობიბინე,
იქ მზიანი ტევრებია...
რად უსკდება გული ირემს?
გელა გადამტერებია...
თეთრი ნისლი ნისლებს ირევს -
ეს ხომ „ლურჯა ცხენებია“?
შვიდი ზეცა გადირბინეს,
არსად შეუსვენებიათ...
ამ მშვენიერ მინდორ-ველზე
რა ნაირი ფერებია?!
„ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია“...
1946

კომენტარები