კალანდაძე  ანა

ქეთევან დედოფალი

რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი...
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი...
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა...
ლოცულობდა...
როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:
„არასოდეს!“
დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,
ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,
ცხელი რკინა,
საქართველოს გულს რომ კვეთდა.
რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,
ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,
ქროდა ქარი...
ცეცხლით სწვავდნენ
ტანშეძარულ დედოფალსა,
უდრეკ იყო დედოფალი!
1946

კომენტარები