კალანდაძე  ანა

(საით არიან შალვა,ბიძინა და ელიზბარი?..)

საით არიან შალვა,ბიძინა
და ელიზბარი?
მტერს საით ჩეხავს მარად ძლიერი
იმათი ხმალი?
მძიმედ იღება და იხურება
საყდრის კარები...
დარბაისლური სიჩუმით დუმან
ერისთავები...
ქართველნო, ჩვენი ის სამი გმირი,
ვის წინ თავს ვიხრით,
სპარსეთისაკენ პირმიქცეულა
ბებერი ციხით:
ეჭვს ხომ არ იღებს, ცუდს ხომ არა გრძნობს
ცბიერი შაჰი,
რომ... აჯანყების ცეცხლი მოიცავს
ბობოქარ კახეთს?
დაუმცხრალია და ამაყია
შურისძიება -
აზვირთებული გადაერევა
მტერთა ლაშქარში...
ამ სამი გმირის წმიდათაწმიდა
ხსოვნად კაშკაშებს,
იკორთის მთაზე რომ გადმომდგარა
ჯიღად მთიები!

1959

კომენტარები