კალანდაძე  ანა

(სამხრეთით - არაგვის სათავე...)

სამხრეთით - არაგვის სათავე,
ჩრდილოით - სხვა წყალნი დიანო.
გადივლის ცისფერი ღრუბელი
ბუბაისშვილივით ხმიანი.
წყალგამყოფ ქედს კავკასიისა
ფარა ჩამოუდის ისევე...
პირჩამოღარული ხევები
კვლავ განახლებისას ისმენენ.
ო, თვალშეუდგამო ქედებო,
კვლავაც ძლიერებით გნახავდეთ!
ბანს მაძლევს ბებერი გუდანი,
გუგუნებს ბებერი ხახმატი...
მიჰყვება მწყემსების ბუბუნი
ორბთა და არწივთა ყივილსა...
ადგება მარადი ნათელი
წყალგამყოფ ქედს კავკასიისა.

1978

კომენტარები