კალანდაძე  ანა

რა მოგწონს უფრო?

“პატარა ვიოლას“

ფუნთუშა ლოყებს დაუგზნიათ ჭიაკოკონა,
ვარდო გაშლილო დედის ლხენაში!
„დედა ენაში“
რამ მოგხიბლა, ჩემო გოგონავ,
კურდღლის ბაჭიამ,
თუ ჩიტების სტვენამ ვენახში?
გრძნობა ფაქიზი
დარდს ეძლევი, პაწიავ, დიდსა:
ბარტყებს რად სთხოვსო მელია ჩიტსა?
დიდრონ ასოებს აყოლებ თითსა,
ღუღუნებ ასე: ა-ი ი-ა, ა-ი ნ-ა-რ-გ-ი-ზ-ი...
მზე ჩადის ოდეს
ზღვის მხარეში ცეცხლის დასავალს
და ღრუბელი დაბურავს მთათა,
დედას შესჩივლებ:
- რად გააგდეს მჩხავანა კატა? -
მასვე უამბობ სამი კნუტის თავგადასავალს...
ფერად სურათებს უალერსებ, წიგნი მოღალე,
წიგნი მოღალე, ოქროს ენა არ მოგეღალა...
ისწავლე, ჩემო, შენი ქვეყნის მტერი, მოყვარე,
გიყვარდეს მარად შენი ენა, შენი ქვეყანა...
ფაფუკ ლოყებზე დაგეგზნება ჭიაკოკონა...
გესმის, ვიოლა,
წიგნით მერცხლის ჭიკჭიკი გესმის...
რა მოგწონს უფრო, ჩემო გოგონავ,
ჩიტი-ჩიორა,
შროშანი, თუ ყაყაჩოს ლექსი?

1946

კომენტარები