კალანდაძე  ანა

ნათელა ბალიაურის მონაწერი

ბევრს ახსოვთ სისხლი ამ ხეობებს და
გზათა ვიწროთა...
ვაჟკაცის ფასი... ჩვენც ვიცოდით და
ქისტმაც იცოდა.
(კარგად არჩევდნენ მეტოქეები
გმირსა და ლაჩარს!):
მტრის გვამთა შორის... იცვნეს დიაცი,
როს დასწვდნენ ჩაჩქანს...
ხელი არ ახლეს იმის იარაღს
ამ წმინდა ძალით, -
გვერდით დაუდვეს ჩაჩქანთან ერთად
თავისი ხმალი...
იცოდა ქისტმაც ვაჟკაცის ფასი,
მასზე წუხილი, -
მკვდრებს არ შესწირეს ხევსური ქალი,
ხელ არ უხლიათ...
ეს, ამღას იყო...
ბევრ ახსოვთ სისხლი
გზათა ვიწროთა...
ვაჟკაცის ფასი...
ჩვენც ვიცოდით და
ქისტმაც იცოდა!
1980

კომენტარები