კალანდაძე  ანა

მარიამ დედოფლის ფრესკასთან

სიბრძნით ნაშუქი შენი თვალები
კვლავ სასოებას შენეულს გვფენენ.
გარდასულ ჟამთა სიღრმეებიდან
ზარივით რეკავს
გულისთქმა
შენი:
უნდა შეკეთდეს სვეტიცხოველი,
აღდგეს ქართული წესი და რიგი,
უნდა ისმოდეს ქართული სიტყვა,
გადაიწეროს ქართული წიგნი!
მშვიდობა ბრძანეს - გამეჩხრდა ქართლი:
ძვირად გვიჯდება სისხლის ტბორები...
ვინ, თუ არა შენ,
უწყის,
რომ იგი
ქვეყნის დაღლილ სულს ეამბორება?
სიბრძნით ნაშუქი შენი თვალები
კვლავ სასოებას შენეულს გვფენენ.
1978

კომენტარები