კალანდაძე  ანა

იის სურნელი საით მოგყვა?

თინა ჯიბლაძის ხსოვნას

დღეს მარტოდმარტომ მოვიხილე
თეთრი ქაშვეთი...
შენ შორეული, შორეული
ჩემს წინ გაჩერდი
და გამიღიმე: სიხარული
ისევ გფენია...
იის სურნელი საით მოგყვა,
თეთრო ფერიავ,
ო,თმებიც შენი ოქროსფერი -
იით ავსილა...
წამოდი,
დავსხდეთ, -
თბილი სიტყვა
ისევ მასმინე...
ვიწრო სარკმელში, სით იღვრება
ლურჯი სინათლე,
ისევ ღიმილით დამტოვე და
გაუჩინარდი.

1966

კომენტარები