კალანდაძე  ანა

ვარსკვლავი ბრწყინავს ასე საამოდ?

ჩემო ჯრუჭულავ, ღვთაბრივს მთაზედ,
თოვლისფერ, ფაფუკ ღრუბლებს რომ ერთვის,
ვარსკვლავი ბრწყინავს ასე საამოდ,
თუ წმინდა მამებს უნთია ზეთი?
გადაშლილი აქვთ ჯრუჭის ოთხთავი
და საუბრობენ ღრუბლებთან ხშირად?
„დავჯექი მარტო, ვითა ყორანი,
ყორანი მარტო უდაბნოს შინა...“
ნახე სამყოფი ესე საამო...
ცათაც დიდია მათი ცდუნება:
მოდიან მათთან ანგელოსები
და ჯრუჭის ტაძრად ისადგურებენ?
კვალად თანა სდევს შენს კამკამა წყალს
მოაქამომდე, შენ ლურჯთა ჩქერთა,
სხივშარავანდი მათი უსწორო,
ნათელი სული წინაპართ ჩვენთა...
„ყოველთა დიდი არს სიყვარული
და... არაფერი არ არის მეტი!“
ვარსკვლავი ბრწყინავს ასე საამოდ,
თუ... წმინდა მამებს უნთია ზეთი?

1962

კომენტარები