ელზა, ყველაზე ლამაზთვალება მწერალი

 

დიდი გერმანელი პოეტის ნოვალისის ცნობილი ფრაზა თავდაყირა რომ დავაყენოთ და ამ ჩვენ ქალაქს მოვარგოთ, დაახლოებით ეგრე გამოვა, იყო ბედნიერი დრო, როცა თბილისში საოპერო ცხოვრება დუღდა და გადმოდიოდაო. იყო ერთი თაიგულების შეგზავნა, თეატრის კართან დახვედრა და სხვა მრავალი კიდევ, რაც სახასიათოა ამგვარი აღტკინებისა და თაყვანცემისთვის. ბალეტი და ოპერა, ოპერა და ბალეტი, სირბილი ბილეთების საშოვნელად და მთელწლიანი აბონიმენტები. იყო ლექსებიც  ქალაქური ყაიდისა, ზოგი ვითომ მოკრძალებული, ზოგიც უწმაწური. ჰოდა, ნახვარი პლეხანოვი ღიღინებდა მაშინ:

,,ჩვენი მაია პლისეცკაია, 

ასეც კაია, ისეც კაია“.

პლისეცკაიას თბილისური ამბებისა რა გითხრათ, აი, პარიზში მეგობრებთან სტუმრობა კი უფრო გვიან ეგრე მოიგონა, უცნაური თანხმობით ცხოვრობდნენ ორივენი, ცოლიც და ქმარიც, გამთენიისას კი იღვიძებდნენ, მაგრამ შუადღემდე არაფრის დიდებით არ ადგებოდნენ ლოგინიდან. ისხდნენ ასე, ერთი მეორის გვერდით და წერდნენ, კაცი, ძველი ჰომოსექსუალი, იმხანად ოჯახს მოკიდებული. ქალი, საკუთარი ქმრის, მატისის და ივ სენ ლორანის მუზა, გაფრანგებული რუსი ებრაელი. ისხდნენ ეგრე ბალიშს აყუდებულები და თავ–თავის რომანებს მიუყვებოდნენ, ქვეყანა რომ დაქცეულიყო, ცხვირს არ გამოყოფდნენ არას დიდებით თავიანთი ოთახიდან, მოიღლებოდნენ, იმ დღის გეგმას შეასრულებდნენ და მერეღა გამომხედავდნენ სტუმარსო. ქმარი –  თავისი ეპოქის ერთი უდიდეს ფრანგთაგანი, ლუი არაგონი. ქალი – წარმოშობით რუსი ებრაელი, მოსკოვიდან ვგონებ რომ ომს გაქცეული, გაფრანგებული, ისიც დიდი ხელოვანი მეტისმეტად, ელზა კაგანი, ანუ ტრიოლე. 

ყველაფერი კი შორეულ 1896 წელს დაიწყო, როცა მოსკოვში ებრაელი იურისტისა და ეგრეც ებრაელი მუსიკის მასწავლებლის ოჯახში გოგო დაიბადა და იმ პატიოსანმა ხალხმა გოეთეს ნიჭისადმი უსაზღვრო ქედმოდრეკის ნიშნად მეორე შვილსაც მისი პერსონაჟის სახელი დაარქვეს. ჰო, პირველს ლილი ერქვა, ლილი კაგანი. მაშინდელი წესისამებრ ლილიმაც და ელზამაც იცოდნენ ფრანგული, გერმანული და როიალზე დაკვრა. 

1915 წლის ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს კი უცნაურად ლამაზთვალება გოგო, ჯერაც ახალგაზრდა პოეტს შეხვდა, ცოტა აბნეულს, მომხიბვლელსა და იდუმალს. უთხრა აღფრთოვანებული ვარ თქვენი შემოქმედებითო, სხვაც ბევრი უთხრა ალბათ, იმანაც, უკვე სახელგანთქმულმა ჯეროვანი სიამაყით მიიღო თაყვანისცემა. პოეტი ვლადიმერ მაიაკოვსკი იყო, გოგო – ელზა. ძალიან მალე კი ელზამ მაიკოვსკი თავის უფროს დას, ლილის გააცნო, მაშინ უკვე ბრიკს, ლილი ბრიკს, ეგრეც დაიწყო ერთი ყველაზე ტრაგიკულ რომანთაგანი ლიტერატურის ისტორიაში. ელზა განზე გადგა, აღარ შეუშლია ხელი, თუმცა სისცოცხლის ბოლომდე შერჩა პატივისცემა და სიყვარული ძველი ამბისა. უკვე საფრანგეთს გადასახლებული და სახელმოხვეჭილი დიდი მოთმინებით ცდილობდა, როგორმე გასცლოდა მიაკოვსკის სახელი საბჭოთა საზღვრებს და ფრანგ მკითხველსაც ისე ჩარჩენოდა გულში იმის ლექსები, როგორც რომ თვითონ ჩარჩა ოდესღაც. 

იმას ვამბობდი, გვერდზე გადგა–მეთქი და გათხოვდა მალევე, ფრანგს გაყვა ცოლად, ოფიცერ ტრიოლეს და პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ჩანს, მაინც ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს, ლიტერატურით გატაცებული, მოდერნისტული ბოჰემის ღვიძლი შვილი და საფრანგეთის არმიის ოფიცერი, მათი ქორწინებაც მალე დასრულდა, თუმცა ელზამ დაიტოვა ქმრის  გვარი და აღარც შეუცვლია, მეორედ კი, როგორც ვთქვით უკვე, ლუის გაყვა, თავზე ხელაღებულ არაგონს და მოარჯულა კიდეც. იმათმა ცოლ–ქმრობამ სიკვდილამდე გასტანა, მეუღლეზე განუზმოელი გავლენით სარგებლობდაო, აღნიშნავენ ბიოგრაფები. თვითონ კომუნისტმა ქმარიც მოაქცია და არა ერთხელ ესტუმრნენ ორივენი მრავალთაგან საძულველ საბჭოეთს, სიკვდილის წინღა ამოთქვა ქმარმა, მე ის არა ვარ, ვინცა გგონივართ, ვერ ვიცხოვრე, როგორც მინდოდა იმგვარადო. 1928 წლის ოქტომბრის ერთ საღამოს პარიზის კაფეში დაწყებული სიყვარული 42 წელს გაგრძელდა და მხოლოდ სიკვდილმა გაწყვიტა მერე. 

პლისეცკაიამ როგორც აღწერა მათი ჰარმონიული ყოფა თავში მოგახსენეთ, იცხოვრეს ეგრე, ოღონდ თან მოუსვენრად, ერთიმეორისადმი ფეხაწყობილად.

ელზას გაფრანგმწერლება (იქამდე სამი წიგნი რუსულად ჰქონდა დაწერილი) მსოფლიო ომის დაწყებას, ძველის ნგრევასა და ახლის ჯერ ვერ შენებას დაემთხვა, პირველივე ფრანგული რომანით, ,,საღამო მშვიდობისა, ტერეზა“, დაიმსახურა მკითხველის ყურადღება და ცოტა მოგვიანებით, 1944 წელს, პირველი ქალიც გახდა, ვისაც ფრანგული ლიტერატურის უმაღლესი ჯილდო, გონკურების პრემია მიანიჭეს. 

მკაცრი მწერალია ელზა, უშეღავათო, ქმრიც ეგეთი იყო. მგონი მისი ერთადერთი წიგნია ქართულად ნათარგმნი ,,ვარდები ნისიად“ ქვია, იმაზეა, როგორ უნდა დააჭირო ადამიანმა კბილი კბილს და იარო წინ საკუთარი სულისკენ ამ ჩვენს ნეილონის საუკუნეში.