რა იქნებოდა როსინანტი რო ვირი ყოფილიყო, აი პატრონისგან ხელში შეკლული ბედაური კი არა, ბუცეფალის შორეული ნათესავი, არამდე ჩოჩორი, საყვარელი ნაპატიები, პატრონის მოყვარული და დალოცვილი პატრონისგანაც ნაყვარები? რა იქნებოდა პლატერო ერქმეოდა.
რა ერქმეოდა  საავედრას, იმას, ოთხი დიდი მიგელიდან არცთუ უკანასკნელს, ლეპანტოს ბრძოლაში რომ არ წასულიყო, სიცხიანს რომ არ ეომა იქ, ხელი რომ გახმობოდა, აჟირელთა ტყვეობაში რომ არ მოხვედრილიყო, მერე სამშობლოში ჩამობრუნებულს რომ არ ეტანჯა და ბოლოს ფულის მითვისებისთვის რომ არ დაეჭირათ, რა ერქმეოდა ხუან რამონ ხიმენესი. იქნებოდა ისევ ძველებურად კეთილი, ძველებურად მამაცი, ძველებურად შეუპოვარი და ძველებურად ეცოდინებოდა სიყვარულიც.
ესპანეთი კი ზუსტად ისეთი იყო მაშინაც, ბევრი საუკუნის წინ, როცა მსოფლიო იმპერია ერქვა და მერეც, როცა შინა ომებში გახლართულს ყველაზე უარესი საავტომობილო გზები ჰქონდა მთელს ევროპაში. მარადიული ესპანეთი, ერთდროულად მშვენიერიცა და პირქუშიც, მხიარულიცა და მარტოსულიც, ინკვიზიციის კოცონებთა ფერფლით დაფარულიც და ნარინჯისფერიც. ეს ორი ამბავი რომ ერთი იყოს, ესპანეთი ისევ ისეთი იქნებოდა. თუ ვინმესი რამე მშურს, ესპანელებისა. ესპანელებისა, იმიტომ, რომ იმათ სხვანაირად იციან სამშობლოს სიყვარული, ჩაკვნეტილი ტუჩიდან დანადენი სისხლის გემო დაკრავს მაგ სიყვარულს. ნიჭია ეგეც, განუმეორებელი ნიჭი, ნიჭი, რომელიც აგერ რამდენი საუკუნეა არც ნელდება, არც იცვლება და ყველა თაობა იქაური მწერლებისა თუ მოაზროვნეებისა, ისე დგას ამ სიყვარულის კარიბჭესთან, როგორც არავინ და არსად დედამიწის ზურგზე.
ეგეც ხო ფაქტია, დიდი ხნის წინ დადგენილი ჭეშმარიტება, ყურის მგდებელი ჭირდება კაცს, იმდენად ხმის გამცემი არა, რამდენადაც ყურის მგდებელი. იქნებ იდეალური მსმენელი ის იყოს, ვინც რომ პასუხს ვერ გაგცემს, ვერ შეგედავება, ვერ განგსჯის. პატარა, დიდთვალება ჩოჩორი, ჩამოვარცხნილი, მობერილი ფერდებითა და აუჩქარებელი ნაბიჯით. ფოლკნერმა თქვა თავის სანობელე სიტყვაში, მჯერა ადამიანი გადარჩებაო. ხიმენესი კიდევ ზის აქ თავის ჩოჩორზე და სულ სხვას გაიძახის, მჯერაო, არ უთქვამს, ეჭვი არასდროს შეპარვია და იმიტომ. მხატვრებმა, განსაკუთრებით დიდრონ დიდრონმა მხატვრებმა ზოგჯერ რომელიმე ფერის ამოჩემება იციან და ხატავენ მერე, გამუდმებით სრულყოფენ იმ თავის ფერს, უტრიალებენ და უტრიალებენ. ხიმენესი მხატვარი რომ ყოფილიყო, მისებრი ღვთაებრივი ნარინჯისფერი ალბათ ქვეყანაზე არავის ექნებოდა. ეს წიგნი არის ამბავი კაცისა და ვირისა, გზას გაყოლილების, სამოგზაუროდ კი არა, უფრო სასეიროდ. აი, ვითომ ვნახოთ ხვალ რას შევეყრებით, ხვალ დღევანდელზე უფრო ლამაზად ამოიწვერება მზე თუ არაო. არი წიგნები, ძეგლი უნდა დაუდგა კაცმა, აუცილებლობის გამო კი არა, როგორღაც ხომ უნდა გამოხატო პატივისცემა, უფრო იმიტომ. ეს 1916 წელს დაწერილი უნათლესი წიგნი, დაწერილი მაშინ, როცა მთელს ევროპას ჭირის დღე ადგა და ქვეყანა ყირაზე გადადიოდა, თავისუფლების მანიფესტიცაა, ადამიანური სიკეთის თავისუფლების მანიფესტი, რომ კაცი, ეს საბრალო სიკვდილისშვილი, დარდსა და საყოველდღეო საქმეეფში გაბლანდული, ფიქრ მოძალებული ზოგჯერ და უფრო ხშირად დინებას მიყოლილი ღირსია ზოგჯერ განზე გადგეს ორომტრიალისგან, ფაციფუცისგან, მანკიერებათაგან და მხოლოდ საკუთარ სულ მიუძღვნას თვალით ხილული სამყარო. ცოტა ხნით მაინც დაივიწყოს ძვალ–რბილში გამჯდარი უგნურება და ხელი დაუქნიოს აბორგებულ ისტორიას. დაიხუროს ქუდი და წავიდეს, წავიდეს თავისი წილი წუთისოფლის აღმოსაჩენად, საფიქრალად და სევდანარევი სიხარულით სასიხარულოდ. ერთიანობა ყოველივე მშვენიერის, ღვთაებრივისაც და კაცობრიულისაც, აი მთავარი თემა ამ დიდებული წიგნისა, არც რომანი რომ არ ეთქმის, არც მოთხრობა, არც კიდევ ჩანახატების კრებული. რწმენა განუზომელი, დაუსაზღვრავი მშვენიერებისა, აი ერთადერთი რწმენა ხიმენესის და კიდევ გემო სინანულის და გარდაცვალების, დიახ სიკვდილისა კი არა, სწორედ გარდაცვალების, რადგან შეუძლებელია ამ ყოვლისმომცველ მომხიბლაობას ნაკლი სდევდეს თან რაიმეგვარი. ,,ყოველ განთიადზე ხელით ვეხებით მზეს, უკვდავი ღმერთის გულივით წითელ მზეს“, აი ეგრე მთავრდება ,,დონ კიხოტ ლამანჩელის“ შემდეგ ყველაზე პოპულარული ესპანურენოვანი ნაწარმოები, ხიმენესი კიდე დგას, დგას და ის ცალი ხელი თითქოს მართლა მფეთქავ, ალისფერ, მხურვალე მზეზე უდევს. მკითხველი სულ ბოლო ფრაზამდე ცხადად გრძნობს ამ ხელისგულის სითბოს, არადა ეს სითბო ისეთი რამაა, ერთხელ თუ იგრძენი, ძალიანაც ეცადო, ვეღარ მოიშორებ მერე.